ახალი ამბები
სოხუმში აქციაზე "როსნეფტის" მიერ საწვავის ბაზრის მონოპოლიზაცია გააპროტესტეს
სოხუმში "აფხაზეთის საწვავის ასოციაციის" მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. მისი მონაწილეები ბაზრის მონოპოლიზაციას აპროტესტებდნენ.

ქალაქის სანაპიროზე საწვავის კომპანიების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ, მოგვიანებით მათ "სამთავრობო შენობებისკენ" გადაინაცვლეს. ადგილზე უსაფრთხოების ზომები იყო გაძლიერებული, წერს "ეხო კავკაზა".

აქციის ორგანიზატორებმა დახურულ კარს მიღმა გამართეს შეხვედრა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალექსანდრე ანქვაბთან.

გამოცემის თანახმად, "ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა" ჯანსუხ ნანბამ მომიტინგეებს უთხრა, რომ აფხაზ ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან ერთად, მოსკოვში გამგზავრებას გეგმავს, საწვავის საკითხის მოსაგვარებლად.

მისი თქმით, "ეს საკითხი განიხილება რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებთან". 

უფრო ადრე, მან განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში, სოხუმში შეიტანენ აფხაზური კომპანიების მიერ შეძენილ და განბაჟებულ საწვავს.

2023 წლის 21 დეკემბრიდან "რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე" უმოქმედოდ დგას აფხაზური კომპანიების მიერ არა "როსნეფტისგან", არამედ სხვა კომპანიებისგან შეძენილი საწვავი. 1 იანვრიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ბენზინგასამართი სადგურები მასობრივად დაიხურა. ამჟამად მხოლოდ ის ბენზინგასამართი სადგურები მუშაობენ, რომლებიც "როსნეფტისგან" ყიდულობენ საწვავს.

მიმდინარე წლის დასაწყისში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთს მიმართავს დახმარებისთვის, "რესპუბლიკის ნავთობპროდუქტებით შეუფერხებლად მომარაგების საკითხთან დაკავშირებით".

მანამდე, "ეკონომიკის მინისტრმა" ქრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკაში საწვავის "იმპორტის შეზღუდვა დაკავშირებულია რუსეთის მთავრობის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებასთან", რომელიც კომპანია "როსნეფტს" და მის შვილობილ კომპანიებს სოხუმსა და ცხინვალში ნავთობპროდუქტების "ექსპორტის" ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს. რუსული დადგენილების მოქმედების ვადა 6 თვეა.



Print