ახალი ამბები
არის რუსული ცივილიზაცია, რომელიც მოიცავს კავკასიას, თათრებს და ჩვენ აფხაზებს, - შამბა
"აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია", ამის შესახებ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის "უშიშროების საბჭოს" მდივანმა სერგეი შამბამ, ერთ - ერთ ადგილობრივ გადაცემაში მონაწილეობისას განაცხადა.

"აშკარაა, რომ ჩვენ რუსული სამყაროს ნაწილი ვართ, რადგან მსოფლიო კულტურა რუსეთის მეშვეობით, მსოფლიო ლიტერატურის რუსულ ენაზე თარგმნით გავიცანით. ჩვენ რუსულს ვიყენებთ აფხაზურის თანაბრად და ბევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ, უკეთ იცის რუსული".

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ,,თუ რას ნიშნავს "რუსული სამყარო", შამბამ უპასუხა:

"ბევრი ავტორი ყოფს მსოფლიოს სხვადასხვა ცივილიზაციებად და არ არსებობს აფხაზური ცივილიზაცია, მაგრამ არის რუსული ცივილიზაცია, რომელიც მოიცავს კავკასიას, თათრებს და ჩვენ აფხაზებს - ეს არის რუსული ცივილიზაცია... ჩვენ არ ვართ არაბულ ცივილიზაციაში და არც თურქულში, არც ევროპულში".

ამასთან, შამბა აღიარებს, რომ აფხაზეთიც კავკასიური სამყაროს ნაწილია, თუმცა მისივე თქმით, მსოფლიო კულტურის მიღწევები აფხაზებმა შეიცნეს არა კავკასიური ენებით, არამედ ეს ყველაფერი რუსულის მეშვეობით ისწავლეს.

კიდევ ერთი მიზეზი, შამბას მტკიცებით, არის მართლმადიდებლობა. ის აცხადებს, რომ "ბიზანტია აღარ არსებობს, ის რუსეთმა მემკვიდრეობით მიიღო".

მსგავსი განცხადება სერგეი შამბამ, გასული წლის ოქტომბერშიც გააკეთა. სოხუმში, "მოსკოვის სახლში" გამართული მრგვალი მაგიდის მსვლელობისას.

"ჩვენ (რუსეთთან - რედ.) ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა ერთობა დაიშალა, ის გრძნობები მაინც დარჩა. აფხაზური საზოგადოება კი რუსულ სამყაროს არის მორგებული და რუსული სამყაროს შექმნაში მონაწილეობს. ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი", - თქვა მან.

უფრო ადრე, დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო საქმეთა სამინისტროს" ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ "რუსეთთან შესაძლო ურთიერთობების ხელსაყრელი ფორმა შეიძლება იყოს ასოცირებული სახელმწიფოს მოდელი: დამოუკიდებლობის შენარჩუნებისას აფხაზეთი მზადაა ააშენოს თავისი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა. მათ შორის საზღვრის უსაფრთხოება რუსეთთან ერთად".

აფხაზეთის რუსეთის და ბელარუსის საკავშირო რესპუბლიკასთან მიერთებას არ გამორიცხავს აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანიაც.




Print