ახალი ამბები
ზუგდიდში გასტრონომიული აკადემია გაიხსნა (ფოტო)
დღეს, "ევროპა კულტურისთვის" პროექტის ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გასტრონომიის აკადემია და შემოქმედებითი ინკუბატორი გაიხსნა.

აკადემია ოფიციალურად ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ, პროექტის ხელმძღვანელმა ანატოლი ბაიფერტმა და შოთა მესხიას უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ გახსნეს.

თეონა ხუფენიას თქმით, გასტრონომიის აკადემია სრულად უზრუნველყოფს ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას.

"ამ პროექტის მხარდამჭერი და განმახორციელებელი არის ევროკავშირი და გოეთეს ინსტიტუტი. მათ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელეს აღნიშნული პროექტი. აქ არსებული სტრუქტურული ერთეულები გახსნილია უწყვეტი განათლების ცენტრის ქუდქვეშ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ დღის ისტორიულ ასპექტში განხილვის უფლებას მაძლევს, არის ის, რომ გასტრონომია დღეს წარმოადგენს კულტურის სტრატეგიის, კულტურის განვითარების ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას", - თქვა ხუფენიამ.

მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ სიტყვით გამოსვლისას დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში აკადემიის დაარსება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით დაინტერესებული ადამიანების კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების ამაღლებას. 

მერიის ფეისბუქ გვერდზე განმარტავენ, რომ ზუგდიდის მერიამ ევროკავშირის პროექტ EU4Culture - ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად ევროკავშირისგან 300,000 ევრომდე დაფინანსება მიიღო.

გასტრონომიული კულტურის მუზეუმის დამფუძნებელი ესმა კუნჭულია აღნიშნავს, რომ ამჟამად ის მუშაობს ჟურნალზე "ზუგდიდი გასტრონომიული ქალაქი" და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობილ ფილმზე, რომელსაც ერქმევა "სადილი ზუგდიდში". 

"ძალიან ბედნიერი ვარ. მე ვიმყოფები ჩემს საყვარელ ქალაქში, ზუგდიდში, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია თავისი ისტორიით, ხალხით, ბუნებით და ა.შ. ეს არის ისტორიული დღე. ზუგდიდი ის ქალაქია, რომელსაც კულტურის განვითარების სტრატეგია აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში იხსნება გასტრონომიული აკადემია, რომელშიც პირველი დღიდან უშუალო მონაწილეობას ვიღებ. კიდევ ის მიხარია, რომ ჩემი სტუდენტები დამხვდნენ აქ, რომლებიც ჩართულნი არიან ევროკავშირის მხარდაჭერილ პროექტებში", - განმარტა კუნჭულიამ. 

ზუგდიდის გასტრონომიული აკადემიის გახსნასთან დაკავშირებით, მოეწყო მეგრული სამზარეულოს კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ტრადიციული კერძები და სასმელები.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა ფილმის ჩვენება, რომელშიც ასახული იყო სამეგრელოს რეგიონის მთავარი ისტორიული ნარატივი, კოლხური კულტურის გამორჩეული ნიშანსვეტები, იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობები.
Print