აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში "აპარტამენტების" შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ კამპანია გაააქტიურეს.
საინიციატივო ჯგუფის "ҲараҲПицунда" - ს აქტივისტები თვლიან, რომ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების დამტკიცებით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა "შექმნეს პრეცედენტი, რომელმაც განცვიფრება გამოიწვია აფხაზურ საზოგადოებაში" და "აშკარად აჩვენა, რომ ისინი არ არიან მზად, ხალხის მოსაზრებები მოისმინონ", წერს - "ეხო კავკაზა".
"მაგრამ ახლა მორიგი საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომლის განხორციელება ისევ დეპუტატების ხელშია. აპარტამენტები. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბოთ მკაფიო პოზიცია, რომლის დაცვასაც გავაგრძელებთ: აპარტამენტების შესახებ კანონი უნდა გააუქმონ. კი არ შეცვალონ, გადააკეთონ, არამედ, გააუქმონ. ჩვენ არ გვაქვს უფლება დაუოკებელ კომერციულ ინტერესებს გავამარჯვებინოთ. თქვენ არ გაქვთ უფლება, გვერდზე გადგეთ", - ნათქვამია განცხადებაში.
აქტივისტებმა სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნეს. მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში აფხაზები "მალევე დარჩებიან უმცირესობაში, შემდეგ კი საერთოდ გაქრებიან".
საინიციატივო ჯგუფის წევრები შიშობენ, რომ უცხოელებს შორის, რომლებიც ბინებს შეიძენენ, "შეიძლება იყვნენ ქართველებიც" - რუსეთის მოქალაქეები: მათივე მონაცემებით, "ბოლო ერთი წლის განმავლობაში 23 ათასამდე ქართველმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა".
"აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანიაა. მის ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის უძრავი ქონების გაყიდვის ფარული ფორმა. მათივე განმარტებით, "კანონის" მიღების შემთხვევაში, "აფხაზეთში 100 ათასამდე ადამიანს შეუძლია დასახლება". ბჟანიას "ადმინისტრაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები, ჯამში 30 ათასი აპარტამენტით (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა.
ცნობისთვის, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის "საბჭოთა აგარაკის" რუსეთისთვის გადაცემა 2023 წლის 27 დეკემბერს
დაამტკიცა. მანამდე ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება ე. წ. პარლამენტმა მოახდინა.
მასალის გამოყენების პირობები