რეგიონი
ფსოუს ,,გამშვებ პუნქტზე’’ დაკავებების გამო მოქალაქეებო ომბუდსმენს მიმართავენ
ფსოუზე, ე.წ. „საზღვარზე“ გახშირდა რუსი მესაზღვრეების მიერ აფხაზი ოპოზიციონერების, საზოგადო მოღვაწეებისა და ჟურნალისტების ხანგრძლივი შემოწმებები, წერს „ეხო კავკაზა“.

გამოცემის თანახმად, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, სოციალურ ქსელებსა და აფხაზურ ტელეგრამ არხებზე მოქალაქეები წერენ, რომ ფსოუს გამშვებ პუნქტზე რუს მესაზღვრეებს გადაცემული აქვთ აფხაზთა გარკვეული სიები, რომლის მიხედვით მათ აყოვნებენ გამშვებ პუნქტზე და დაკითხვას უწყობენ.

რამდენიმე დღის წინ, აფხაზმა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა საკუთარ საავტორო გადაცემაში ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აწვდიან რუსეთის სპეცსამსახურებს აფხაზების სიებს “უცხოელი აგენტების” შესახებ.

“ადამიანების დიდ რაოდენობას აჩერებენ და აკავებენ საზღვარზე 20 წუთიდან 2 საათის განმავლობაში. ამას წინათ ჩვილთან ერთად ახალგაზრდა გოგონა დააკავეს ერთი საათით, რომელიც ასევე აღმოჩნდა სიებში. ასევე საზღვარზე დააკავეს აფხაზი ფოტოგრაფი, ჟურნალისტი და მწერალი იბრაგიმ ჭკადუა მოსკოვში გამგზავრებისას და შემდეგ ჩამოსვლისას. დაკავებულებს ზოგჯერ უსვამენ კითხვას, მაგალითად, რატომ არ მოგწონთ საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა?” - ამბობს ხაშიგი.

რამდენიმე მოქალაქემ, ანონიმურობის პირობით, ადამიანის უფლებების დამცველს მიმართა ფსოუზე „საზღვრის“ რუსულ მხარეს მოქალაქეების ნაწილის დაკავებისა და დაკითხვის საკითხზე.

ომბუდსმენმა ანას ქიშმარიამ, ამასთან დაკავშირებით, განცხადება გამოაქვეყნა და ახსნა - განმარტებებისთვის, დე ფაქტო უშიშროების სამსახურს მიმართა.

ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა მინისტრად“ დანიშვნის შემდეგ, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და მათ მიმართ მუქარა გაიზარდა.

2023 წლის ბოლოს სოხუმმა შეზღუდვები დააწესა საერთაშორისო და დასავლური ორგანიზაციების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და გაეროს განვითარების პროგრამის მუშაობაზე.
ცოტა ხნის წინ, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ მას უარი უთხრეს სოხუმში ჩასვლაზე.






Print