ახალი ამბები
ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად ადგილობრივთა პროტესტი გრძელდება
მოძრაობა "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პროტესტის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ სოფლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილის 40 წლით, კერძო კომპანიისთვის გადაცემა, მათი ღირსების შელახვა და უფლებების უხეში დარღვევაა.

"კარვის გაშლიდან 3 თვეზე მეტი გავიდა და ამ დროის განმავლობაში, ჩვენი ყოველდღიური მორიგეობისა და მონიტორინგის შედეგად, კომპანია "კანიონი 350"-ის მიერ მნიშვნელოვანი კანონდარღვევის არაერთი ფაქტი გამოვავლინეთ. საპასუხოდ, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, პროტესტის მონაწილეების შევიწროება და დაშინება დაიწყო; კომპანიის წარმომადგენლებს მოძრაობის წევრების წინააღმდეგ, პოლიციაში არაერთი აბსურდული საჩივარი აქვთ შეტანილი; ჩვენი დისკრედიტაციისთვის, მედიაში და სოციალურ ქსელში აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებენ და დეზინფორმაციას ავრცელებენ; ცდილობენ მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური წნეხით გვაიძულონ შევწყვიტოთ წინააღმდეგობა.

ჩვენი არაერთი მოწოდებისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ამ პროცესში სახალხო ინტერესის მხარეს დამდგარიყო, პირიქით, 15 იანვარს, ბალდის კანიონის საკითხის გარშემო სამინისტროში, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ისე გაიმართა, რომ ჩვენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის წარმომადგენელი მხარე, ინფორმირებული და წარმოდგენილი არ ვიყავით", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, პროტესტანტების 3 თვიანი წინააღმდეგობისა და კარავში ღამეების თენების შედეგია, რომ კანიონში სამშენებლო სამუშაოების შეჩერდა.

"ჩვენი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე უკანონო ხელშეკრულება არ გაუქმდება და ბალდის კანიონი ხალხს არ დაუბრუნდება", - წერს მოძრაობა.

კომპანია "კანიონ 350"-ის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2023 წლის აპრილის თვიდან დაიწყო. იქამდე კი შეისწავლეს ბუნების ძეგლის გეოლოგიური, ჰიდროლოგიური კომპონენტი. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბალდის პროექტთან დაკავშირებით, შეფასდება გარემოზე ზემოქმედება და გამოვლინდება მისი ეკოტურისტული პოტენციალი.

უწყების ცნობით, შეფასებაში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული მხარე და დარგის ექსპერტები.




ამავე თემაზე: 

ბალდის კანიონის იჯარის წესით გასხვისების საწინააღმდეგო სარჩელს სასამართლოში შეიტანენ

ბალდის კანიონზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

დაპირისპირება ბალდაში და მხარეების ბრალდებები (ფოტო)
Print