ახალი ამბები
მოსკოვმა სოხუმს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა - ამოქმედდა გრაფიკი
კომპანია "ჩერნომორენერგოს" ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის შემცირების გამო, "აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გრაფიკი ამოქმედდება".

31 იანვარს კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1 თებერვალს აბონენტებს შუქს ორჯერ ორ - ორი საათით გაუთიშავენ, თუმცა, დღეს მათვე განაცხადეს, რომ "რუსული მხარის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების რეჟიმში ყოველდღიური ცვლილებების გამო, წინა დღეს გამოქვეყნებული შეზღუდვების განრიგი არ არის აქტუალური. შეზღუდვები დაწესდება რუსული მხარის მიერ მიწოდების ყოველდღიური მოცულობის წარდგენის შემდეგ".

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისთვის "სოციალური ნაკადის" ფარგლებში დაიწყო რუსული ელექტროენერგიის უფასო მიწოდება, თუმცა აფხაზურმა მხარემ შეტყობინება მიიღო, რომ მიწოდება "სრული მასშტაბით ვერ მოხდება რიგი ტექნიკური მიზეზების გამო".

"ჩერნომორენერგოს" განმარტებით, ზამთრის პერიოდში დეფიციტის შევსებას ვერც ენგურჰესის ხარჯზე შეძლებენ, ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო.

უკვე წლებია, აფხაზეთში ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.




Print