ახალი ამბები
"აფხაზეთის ელჩმა სირიაში" რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა სირიის საგარეო მინისტრს
სირიის არაბთა რესპუბლიკაში "აფხაზეთის ელჩმა" მუჰამად ალიმ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფეისალ ალ-მიქდადს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, იუწყება აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს "აფხაზეთსა და ახლო აღმოსავლეთის მთელ რიგ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების განვითარება", რაშიც დამასკი გაუწევს სოხუმს დახმარებას. საუბარი ასევე შეეხო პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი ურთიერთქმედების და თანამშრომლობის საკითხებს.

ამავე ინფორმაციით, მუჰამად ალი სირიის არაბთა რესპუბლიკაში "აფხაზეთის ელჩად" 2023 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მანამდე "დიპლომატიურ მისიას" ბაგრატ ხუტაბა ხელმძღვანელობდა.

2023 წლის დეკემბერში სირიაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა იმყოფებოდა, "აფხაზურ-სირიული დღის წესრიგის საკითხების განსახილველად".

რუსეთის მოკავშირე სირიის ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წლის მაისში აღიარა.

2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკში "აფხაზეთის საელჩო" გაიხსნა.

2021 წლის მაისში სირიას აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ეწვია.



Print