ახალი ამბები
ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში "უცხოეთის აგენტის" შესახებ კანონპროექტი შეიტანა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში შეიტანა „კანონპროექტი“ „არაკომერციული ორგანიზაციების და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ასრულებენ უცხოეთის აგენტის ფუნქციას“.

„კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, მოქალაქეთა უფლებებს და თავისუფლებებს, ასევე აფხაზეთის სახელმწიფოს და საზოგადოების პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოეთის ჩარევის მიმართ გადაუდებელი რეაქციას,“ - ნათქვამია განმარტების დოკუმენტში.

კანონპროექტის თანახმად, უცხოეთის აგენტად შეიძლება აღიარონ როგორც არაკომერციული ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები, წერს „ეხო კავკაზა“.

ამასთან, თანხების მიღება სახელმწიფოებიდან, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა (რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ, სირია), ამ ქვეყნებში რეგისტრირებული მოქალაქეები და იურიდიული პირები არ გახდება არაკომერციული ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის „უცხოური აგენტებად“ აღიარების საფუძველი.

პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ კანონს და არ განაცხადებენ შესაბამის რეესტრში თავისი „უცხოეთის აგენტად“ შეტანის შესახებ, პასუხისგებაში მიეცემიან, „შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად და დაისჯებიან დადგენილი წესით“.
2022 წლის იანვარში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულმა ე.წ. მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ დაუშვებლად მიაჩნია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც აფხაზებსა და ქართველებს შორის პირდაპირი დიალოგისკენ არის მიმართული, მათ შორის ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით, რადგან მსგავს პროექტებს შეცდომაში შეჰყავთ რესპუბლიკის მოქალაქეები.

უფრო ადრე, 2021 წლის 6 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება მოითხოვდა, რომ მასთან წინასწარ შეთანხმდეს ადგილობრივი არასამთავრობოების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

2023 წლის ნოემბერში, ინალ არძინბამ განაცხადა, "კარს დაუხურავს" ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულად მოიხსენიებენ და მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავებისა და მიღების იდეას.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ შეაჩერა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი პროექტების დამტკიცება და მათი განხორციელებისთვის სერტიფიკატების გაცემა. USAID-ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ჯონ პენელი „აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა.

ინფორმაციისთვის, "უცხო აგენტების" შესახებ კანონპროექტის შემუშავებას დე ფაქტო რესპუბლიკის "იუსტიციის სამინისტრო" რუსეთთან "ერთიანი სოციალურ - ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ" პროგრამის ფარგლებში გეგმავს. პროგრამა "აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს".




Print