ახალი ამბები
რიწის ტბაზე „ანტიტერორისტული წვრთნები“ გაიმართება - კიუტი
რიწის ტბაზე, 10 თებერვალს, „ანტიტერორისტული წვრთნები“ გაიმართება. მასში რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა განუცხადა.

„რიწაზე ანტიტერორისტული წვრთნები ჩატარდება და მასში მონაწილეობას აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, რუსეთის გვარდიის და რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შსს-ს თანამშრომლები მიიღებენ “, - განმარტა კიუტმა.

მისივე თქმით, წვრთნების დროს, რომელიც ერთ დღეს გასტანს, „ტერორისტული ჯგუფის შეჭრის შემთხვევაში მოქმედებების პრაქტიკის“ დამუშავება იგეგმება.

აქვე ნათქვამია, რომ სწავლების მსვლელობისას, გამოიყენებენ მძიმე ტექნიკას და კატარღებს, იმუშავებენ მყვინთავები, რომლებიც „ჩაძირული მანქანის ეკიპაჟის გადარჩენას შეეცდებიან“.


Print