ახალი ამბები
სოხუმმა შესაძლოა „როსგვარდიასთან“ შეთანხმება გააფორმოს
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაძლოა, შეთანხმება დადოს რუსეთის ეროვნული გვარდიის ჯარის ფედერალურ სამსახურთან („როსგვარდია“).

„ეხო კავკაზას“ თანახმად, შეთანხმების პროექტი ინტერნეტ გამოცემა „ნუჟნაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა.

კერძოდ, დოკუმენტის მე-2 მუხლში ნათქვამია: „მხარეები თანამშრომლობენ შემდეგ სფეროებში: საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; სახელმწიფო კონტროლი იარაღით ვაჭრობის სფეროში და კერძო უსაფრთხოების სფეროში და ხშირი დეტექტიური საქმიანობა; ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების დაცვა; დანაშაულთან ბრძოლის მიზნით უსაფრთხოების მხარდაჭერის ღონისძიებების უზრუნველყოფა; სპორტული და კულტურული კავშირების განვითარება“.

სოხუმში, ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 10 თებერვალს, რიწის ტბაზე, „ანტიტერორისტული წვრთნები“ გაიმართება. მასში რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

2023 წლის ზაფხულში რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსეთის გვარდიისთვის სამხედრო, მათ შორის მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების გამოყენებისა და ფლობის უფლებას ითვალისწინებს.





Print