ახალი ამბები
მოსკოვი საკუთარ მოქალაქეებს აფხაზეთში ჩასვლის რისკების შესახებ აფრთხილებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში არსებული "უსაფრთხოების რისკების შესახებ“ გააფრთხილა რუსეთის მოქალაქეები.
აღნიშნული განცხადება უწყებამ დე ფაქტო რესპუბლიკის მკვიდრის ედგარ აბუხბას გათავისუფლების გამო გააკეთა. ეს უკანასკნელი სოხუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და რუსეთის მოქალაქის გაუპატიურებისა და ძარცვისთვის 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, წერს "ტასი". 

„უკიდურესი გაოცებით მივიღეთ ინფორმაცია, რომ 2 თებერვალს აფხაზეთის მოქალაქე აბუხბა, რომელმაც 2019 წელს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა რუს ტურისტთან მიმართებაში, ამ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის შერბილების შემდეგ გაათავისუფლეს“ , - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც დიპლომატიური უწყება ტელეგრამის არხზე აქვეყნებს.

მათივე შეფასებით, ამ რეზონანსულმა საქმემ აჩვენა „რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელის მიმართ აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულება“.

სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს საფრთხეს უქმნის იმ დიდი რაოდენობით უცხოელი სტუმრების უსაფრთხოებას, რომლებიც ყოველწლიურად სტუმრობენ აფხაზეთის კურორტებს“.

Print