ახალი ამბები
ბედიის ტაძარს სახურავს შეუცვლიან - სოხუმი

სოხუმში აცხადებენ, რომ ოჩამჩირეში ბედიის მონასტრის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს და ტაძარს მალე ახალი გუმბათი ექნება.


„მშენებლებმა ძველი უკვე დაშალეს, დაასრულეს ხის ნაწილი და თუნუქზე გადავიდნენ... ყველაზე რთული გუმბათის და მისი ცილინდრული ფუძის აღდგენაა. ის არ არის შენარჩუნებული. ამას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, რადგან მშენებლებს მათი ხელახლა შექმნა მოუწევთ“, - ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ სააგენტო „სპუტნიკს“ კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიის „სტროიმონტაჟ - 2“ - ის დირექტორმა რუსტამ ცვეიბამ უთხრა.
მისივე თქმით, ამისათვის ისინი კონსულტაციებს რუს ისტორიკოსებსა და კოლეგებთან გადიან.

ამავე ცნობით, „ბედიის ტაძრის სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 8 მილიონი რუბლი გამოიყო“. 

2024 წლის იანვარში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ „მოქვის საკათედრო ტაძრის ახალი სახურავის მშენებლობა თითქმის დასრულებულია".

მანამდე, აფხაზურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოქვის ტაძარი, რომელიც ოჩამჩირის რაიონის სოფელ მოქვში მდებარეობს და მეათე საუკუნეშია აგებული, დანგრევის პირას არის.

2023 წლის მაისში „მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის“ გამოაქვეყნა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობის შესახებ და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

„X საუკუნით დათარიღებულ ბედიის მონასტერში, სადაც ჯერ კიდევ 2010 წელს, ქართული კვალის წაშლის მიზნით, ჩამოიფხიკა უნიკალური კედლის მხატვრობა, მათ შორის ბაგრატ III - ს ცნობილი ფრესკა, წლებია, მიმდინარეობს ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის შედეგიც კედელზე ჭიკარტით მიმაგრებული ბაგრატ III - ის დიდი ფოტოა (იხილეთ ფოტო II), ხოლო უშუალოდ მონასტრის საერთო მდგომარეობა ბევრად მძიმეა, ვიდრე აქამდე იყო.

განსაკუთრებით სავალალოდ გამოიყურება ბაგრატ III-ს საძვალე (იხილეთ ფოტო III), აყრილია იატაკისა და საფლავის ქვები, მონასტრის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები კი ხე-მცენარეებით იფარება (იხილეთ ფოტო V-VI) დღემდე გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურება „სარეაბილიტაციო სამუშაოები“. (იხილეთ ფოტო IV)“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, „მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ასევე წერილით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს ICOMOS და „ლურჯი ფარის“ წარმომადგენლობას, იმოქმედონ ომის დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ჰააგის 1954 წლის კონვენციის შესაბამისად და მეტი ყურადღება და აქტიურობა გამოიჩინონ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად“.

უფრო ადრე, 2021 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ალბომში, სათაურით, "ოკუპირებული მემკვიდრეობა", გააერთიანა აფხაზეთში არსებული ტაძრების ძველი და ახალი ფოტოები. სააგენტოს მიერ მოკვლეული ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკაში შემორჩენილი 151 საკულტო დანიშნულების ნაგებობიდან - 145 მართლმადიდებლური ეკლესიაა.

ამავე ცნობით, 89 ნაგებობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე მხოლოდ არასრულყოფილი ცნობები არსებობს. მათი დიდი ნაწილი სრულად დანგრეულია ან მძიმე მდგომარეობაშია. დანგრევის საფრთხე მხოლოდ ათამდე ნაგებობას არ ემუქრება. ზოგიერთი მათგანი, რუსულ ყაიდაზე, თეთრად არის გადაღებილი.





 

Print