ახალი ამბები
რუსეთის მიერ უვადო პატიმრობა მისჯილი მამუკა გაწერელიას ოჯახი დახმარებას ითხოვს
23 წლის მამუკა გაწერელიას ოჯახს, რომელსაც ანექსირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესი სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, სასამართლოს განაჩენის შესახებ ოფიციალური ცნობა ჯერ არ მიუღია.

პატიმრის დედა დალი ჩხეიძე ამბობს, რომ შვილს 19 თებერვალს ესაუბრა და ოფიციალური უწყებებიდან დახმარებას ითხოვს.

ის ასევე ეჭვობს, რომ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია.

"მაჭმევენ და მასმევენო, მითხრა,  ჯანმრთელობის მხრივ კარგად მაქვსო საქმე, მაგრამ ეს სავარაუდოდ, ნაკარნახევია იქიდან. არ მგონია, რომ კარგად იყოს, რადგან სურათში ნახეთ, რა დღეშია ბავშვი. სად არის, არ გვითხრეს, რადგან იქ ზედამხედველობდნენ და არ ათქმევინეს, თუ სად იყო, რომელ ციხეში. მესმოდა, როგორ უკარნახეს, რომ უთხარი, ქართველებს კარგად ექცევიანო", - ამბობს გაწერელიას დედა.

ჩხეიძე ამბობს, რომ ოჯახი დაუკავშირდა საქართველოსა და უკრაინის ოფიციალურ უწყებებს, ასევე, წითელ ჯვარსა და სახალხო დამცველს, თუმცა მისი თქმით, კონკრეტული პასუხი არ მიუღიათ.

"ჩვენ ხელი სადაც მიგვიწვდება, ყველას დავუკავშირდებით, უკრაინის საელჩოშიც მივალთ, მთავრობასაც შევაწუხებთ, რაც შეუძლიათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ არ მოკლან ეს ბავშვი. ვიცით, ის ვერ გადარჩება იქ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ადრე გვითხრეს, რომ საკითხზე მუშაობდნენ.", - თქვა მან.

აფხაზეთიდან დევნილი, სოხუმელი მამუკა გაწერელია 2022 წლის 20 მაისს ტყვედ მას შემდეგ ჩავარდა, რაც მისი ქვედანაყოფი დაემორჩილა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებას "აზოვსტალის" დატოვების შესახებ.

Print