ახალი ამბები
ბჟანია საქართველოს ხელისუფლებას პრაგმატულ მიდგომას უწონებს
სოხუმი დაინტერესებულია რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში მონაწილეობით, დამოუკიდებლობის შენარჩუნების დათქმით. ამის შესახებ რუსულ „ტასს“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განუცხადა.

მისივე თქმით, „ამ მიმართულებით მუშაობას შესაძლოა 10 წლამდე დასჭირდეს“.

„საკავშირო სახელმწიფო - ეს ის ფორმატია, რომელშიც დამოუკიდებელი სახელმწიფოები შეთანხმდებიან ურთიერთსასარგებლო პირობებზე ზენაციონალური სტრუქტურების შექმნაზე. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ აუცილებელია გარკვეული ეტაპის გავლა, მარეგულირებელი აქტების მომზადება. ზუსტად ისეთი ამბავია, როგორც აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებული ისტორია“, - თქვა აფხაზმა ლიდერმა.

მსოფლიოში გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრისას ბჟანიამ აღნიშნა, რომ მომავალში მრავალპოლარული მსოფლიო იქნება, ამასთან, მისი თქმით, უნდა არსებობდნენ რეგიონული კავშირები.

„ეს გაერთიანება მომგებიანია, როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე ბელარუსის და რა თქმა უნდა, აფხაზეთის ხალხისთვის. ის საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, კულტურა“, - დასძინა მან.

გამოცემის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს დანარჩენ საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობაზე და გამოწვევებზე, მან უპასუხა, რომ ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს ხელისუფლება „პრაგმატულ მიდგომას“ იჩენს.

„მას შემდეგ რაც უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც მეჩვენება, ყველაფრის მიმართ პრაგმატული მიდგომა გამოიჩინა. იმ პროვოკაციაში არ მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მათ უკრაინამ დაუწესა. მეორე ფრონტის გახსნის შესახებ უკრაინის ლიდერის განმეორებითმა მოწოდებამ მათ შორის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი. მე ასე მეჩვენება“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მისი თქმით, თუ თბილისი მომავალშიც გამოიჩენს „პრაგმატიზმს“, ამით ზედმეტი ინციდენტების აღმოფხვრას შეძლებენ.

„ჩვენ ჩვენი მომავალი უკვე გადავწყვიტეთ. საქართველოს ხელმძღვანელობას არსებული რეალობის აღიარება მოუწევს. არ ვფიქრობ, რომ რაიმე ახალს ვამბობ, მაგრამ ომის შედეგ ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც ომამდეა ხოლმე. ომი ყველაფერს რადიკალურად ცვლის. ქართველ ლიდერებს 1992 წელს აფხაზეთში ომის დაწყებამდე უნდა გაეგოთ, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს. ალბათ, საქართველოს მთლიანობის თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი გამოუსწორებელი შეცდომა იყო“, - აღნიშნა ბჟანიამ.

მისი თქმით, მათ სურთ „კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეთ საქართველოსთან“.

„მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ გვაქვს ანტაგონიზმი ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ გვქონდა პრეტენზია მათთან, ვინც დაიწყო ეს ომი და მათ მიმართ, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ომში. ამან ყველაფერი რადიკალურად შეცვალა“.

ამავე ინტერვიუში, ბჟანიამ განაცხადა, რომ „შავ ზღვაში ნატოს გაფართოება სიტუაციის ესკალაციას იწვევს და ართულებს უკრაინის ბედს“.

მისივე თქმით, უკრაინის ომში რუსეთის მხარეს აფხაზეთის 70 - 80 მკვიდრი იბრძვის. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, დაიღუპა 20 აფხაზი მოხალისე.

ბჟანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვლავ გაუწევენ ჰუმანიტარულ დახმარებას დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს. 




Print