ახალი ამბები
ზუგდიდში ფრაქცია "ენმ-დან ხაბეიშვილის მომხრე წევრი გარიცხეს
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", 14 წევრის გადაწყვეტილებით, დარიკო არქანია გარიცხეს. არქანიას, რომელიც ლევან ხაბეიშვილის მომხრეა და პარტია არ დაუტოვებია, ნიკა მელიას გუნდის წევრი უკვე ყოფილი თანაფრაქციელები წესდების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ფრაქციის თავმჯდომარის მაია კალანდიას განმარტებით, გადაწყვეტილება სხვადასხვა გუნდში ყოფნას არ უკავშირდება და პარტიიდან არქანიას გარიცხვა მხოლოდ ფრაქციული დარღვევების გამო გადაწყდა.

"ფრაქციაში ჩემს სახელზე შემოვიდა 14 ადამიანის ხელმოწერა. Მე შემიძლია მოგცეთ ეს დოკუმენტი, რომელზეც. ისინი კანონის, წესდების, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, აღნიშნავდნენ იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც უკვე ერთი წელია, დარიკო არქანიას აქვს. ის საერთოდ არ არის ჩვენთან ურთიერთობაში და არღვევს ფრაქციის წესდებას. Გამომდინარე აქედან, ჩვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღეთ.

დარიკო არქანია ჩემი მეგობარიცაა, ახალგაზრდა მებრძოლია, მაგრამ იმისთვის, რომ გუნდთან ერთად იბრძოლო, გუნდთან ერთად უნდა იყო მინიმუმ და კანონიც არ უნდა დაარღვიო. Ეს ხაბეიშვილის გუნდის მხარდაჭერას არ უკავშირდება, რადგან ხაბეიშვილის გუნდის 7 მომხრე დარჩა ფრაქციაში. წესდების, თანახმად მას გუნდთან ერად შეთანხმებით უნდა გაეკეთებინა განცხადებები, ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ფრაქცია არის კოლეგიალური ორგანო და მის საქმიანობასთან დაკავშირებით, მე პირადად ფრაქციის თავმჯდომარეს, ინფორმაციაც კი არ მქონდა, როცა, მაგალითად, ბრიფინგებს ატარებდა",-აღნიშნა კალანდიამ.

თავად არქანია სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ის ერთ-ერთია საკრებულოს 8 წევრიდან, რომელმაც ენმ არ დატოვა.

უფრო ადრე, საკრებულოს თანამშრომლებს, რომლებიც ნიკა მელიას უჭერენ მხარს, პოზიციები დაატოვებინეს. პროცესში მათი ყოფილი თანაგუნდელებიც მონაწილეობდნენ.
Print