ახალი ამბები
ბჟანია რეპრესიული მექანიზმების რეანიმირებას ცდილობს, - სამოქალაქო სექტორი „უცხოელი აგენტის“ შესახებ კანონპროექტზე
აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას მიერ, ე.წ. პარლამენტისთვის წარდგენილი „უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი“ განხილვის მთავარი თემად იქცა დე ფაქტო რესპუბლიკაში.

ამჟამად სოციალურ ქსელებში ცხარე დისკუსია მიმდინარეობს ერთ - ერთი „პრო-სამთავრობო“ ტელეგრამის არხის მიერ გამოქვეყნებულ „უცხო აგენტების“ ჩამონათვალზე, რომელიც ფაქტობრივად არის ასობით ადამიანის სია, რომლებმაც ორი წლის წინ ხელი მოაწერეს მიმართვას, „პრეზიდენტის, პარლამენტის სპიკერის, პრემიერ-მინისტრის და იუსტიციის სამინისტროს“ სახელზე, სადაც „კანონპროექტის“ მომზადებას აპროტესტებდნენ.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლების გარდა, „უცხოელი აგენტებს“ შორის არიან „აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის“ მდივანი და საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ დირექტორი, ასევე რიგითი მოქალაქეები, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სიაში ასევე არიან გარდაცვლილი ადამიანები.

აფხაზური Youtube-ის არხზე „აფსნი ხაბარზე“ თემის განხილვისას, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ომბუდსმენმა ასიდა შაკრილმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მას 1937 წელს და რეპრესიებს ახსენებს.

„ ... შეუძლებელია ვერ მიხვდე, რომ ეს არის ადამიანების დაყოფა მეგობრებად და მტრებად, პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვნებად, ადანაშაულებენ ადამიანების უზარმაზარ რიცხვს, ორგანიზაციებს... ეროვნული ინტერესების ღალატში, მათ ადანაშაულებენ იმ საქმიანობაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ღირებულებებს და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ფორმულირებებია, რომლებიც არ არის გამყარებული რაიმე ფაქტებით. და მაინც არ გვაძლევენ საუბრის უფლებას. თუ ყველაფერი რასაც ამბობენ სიმართლეა, მაშინ რატომ ეშინიათ, რომ სიტყვა მოგვცენ? უბრალოდ, იცით, მინდა, უფრო გარკვევით ვილაპარაკოთ, რომ უბედურება მოვიდა ჩვენს სახლში, თუ დავუშვებთ 1937 წლის რეანიმირებას“, - თქვა შაკრილმა.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში 7 თებერვალს შეიტანა. სამოქალაქო სექტორი აპროტესტებს დოკუმენტს. ისინი მიიჩნევენ, რომ, „ასლან ბჟანია აფხაზეთის უახლეს ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც რეპრესიული მექანიზმების რეანიმირებას ცდილობს“.


Print