ახალი ამბები
საბაკალავრო პროგრამების ნაწილი სამწლიანი, ხოლო მაგისტრატურა 1 წლიანი გახდება - სამინისტრო
საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უკვე არსებულ პროგრამებთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის 3 წლიანი (არანაკლებ 180-კრედიტიანი) პროგრამა ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

"180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამების არსებობა ევროპის უმაღლესი განათლების სფეროში გავრცელებული პრაქტიკაა, რაც ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზონ სტუდენტებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამწლიანი პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი ერთობლივი საერთაშორისო პროგრამის განხორციელებას საქართველოში", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, უახლოეს მომავალში მიიღებენ შესაბამის საკანონმდებლო რეგულაციებს, რომლებიც უნივერსიტეტებს მისცემს საშუალებას, დანერგონ 1-წლიანი (60-კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამები.

Print