ახალი ამბები
არძინბამ UNDP-ს ულტიმატუმი წაუყენა
სოხუმში მოითხოვენ, რომ UNDP - მ 7 მარტის 18:00 საათამდე ოფიციალურად უარყოს „USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზნები“. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამულ მენეჯერთან ვარდონ ჰოჯასთან შეხვედრისას განაცხადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის „დროული და ადეკვატური ზომებით“ დაიმუქრა.

დე ფაქტო „საგარეოს“ მედიაცენტრის ინფორმაციით, მან ასევე მოითხოვა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული აფხაზური საინფორმაციო რესურსების სიის, ასევე მათი მიზნებისა და დაფინანსების მოცულობის გამოქვეყნება.

ამავე ცნობით, არძინბამ გააპროტესტა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებული USAID-ის მიერ UNDP-ის დაფინანსების მიზნები, რომელთა შორის, მისი განცხადებით, ნახსენებია „აფხაზეთის დეოკუპაცია“ და „კრემლის საზიანო გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა“.

არძინბას თქმით, ასეთი პუბლიკაცია ზიანს აყენებს UNDP - ის, როგორც გაეროს სააგენტოს რეპუტაციას და „გაეროს წესდების მიზნებს ეწინააღმდეგება“.

მან აღნიშნა, რომ “აფხაზეთში გაეროს განვითარების პროგრამის ყველა პროექტის დაფინანსების ჯამური მოცულობა 20 მილიონ დოლარზე მეტია”. არძინბამ ასევე მიუთითა „გაეროს განვითარების პროგრამის მიერ აფხაზეთის საინფორმაციო რესურსების დაფინანსების კონკრეტულ ფაქტებზე, რომელთა მიზანიც საზოგადოებრივი აზრის დესტაბილიზაციაა“.

აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ 8 თებერვალს, ე.წ. პარლამენტში შეიტანა „კანონპროექტი“ „არაკომერციული ორგანიზაციების და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ასრულებენ უცხოეთის აგენტის ფუნქციას“.

კანონპროექტის თანახმად, უცხოეთის აგენტად შეიძლება აღიარონ როგორც არაკომერციული ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები. ამასთან, თანხების მიღება სახელმწიფოებიდან, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა (რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ, სირია), ამ ქვეყნებში რეგისტრირებული მოქალაქეები და იურიდიული პირები არ გახდება არაკომერციული ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის „უცხოური აგენტებად“ აღიარების საფუძველი.

2022 წლის იანვარში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულმა ე.წ. მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ დაუშვებლად მიაჩნია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც აფხაზებსა და ქართველებს შორის პირდაპირი დიალოგისკენ არის მიმართული, მათ შორის ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით, რადგან მსგავს პროექტებს შეცდომაში შეჰყავთ რესპუბლიკის მოქალაქეები.

უფრო ადრე, 2021 წლის 6 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება მოითხოვდა, რომ მასთან წინასწარ შეთანხმდეს ადგილობრივი არასამთავრობოების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

2023 წლის ნოემბერში, ინალ არძინბამ განაცხადა, "კარს დაუხურავს" ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულად მოიხსენიებენ და მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავებისა და მიღების იდეას.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ შეაჩერა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი პროექტების დამტკიცება და მათი განხორციელებისთვის სერტიფიკატების გაცემა. USAID-ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ჯონ პენელი „აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა.

"უცხო აგენტების" შესახებ კანონპროექტის შემუშავებას დე ფაქტო რესპუბლიკის "იუსტიციის სამინისტრო" რუსეთთან "ერთიანი სოციალურ - ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ" პროგრამის ფარგლებში გეგმავს. პროგრამა "აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას ითვალისწინებს".



Print