ახალი ამბები
ამ „კანონის“ მიზანია ჩვენი გაჩუმება, - სოხუმში სამოქალაქო სექტორი „უცხოელი აგენტების “ კანონპროექტის წინააღმდეგ
სოხუმში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან.
პრესკონფერენციაზე, რომელშიც აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ყოფილი „სახალხო დამცველი“ მონაწილეობდნენ, მათ განაცხადეს, რომ ამ „კანონის“ მიზანია მათი გაჩუმება, რასაც ისინი არ შეეგუებიან.

„ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას, ამ ყალბ პიარ კამპანიაში, ამ ყალბ პროპაგანდაში, ჩვენ წინ აღვუდგებით ამას და მოვითხოვთ ეთერებს, რადგან ეს არის ჩვენი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და არა მთავრობის, პრეზიდენტ ბჟანიასთან ერთად“, - ყოფილმა ე.წ. ომბუდსმენმა ასიდა შაკრილმა.

ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის იურისტის საიდ გეზერდავას თქმით „მთავრობამ“ გადაწყვიტა, რომ სრულიად განსხვავებულ ფორმატში ააგოს სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობა და შეზღუდოს მათი თავისუფლებები:
„მათ გადაწყვიტეს, რომ არასამთავრობო სექტორი საფრთხე წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ამის მტკიცებულება არ არსებობს, ისინი მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლებიან“, - აღნიშნა მან.

პრესკონფერენციის კიდევ ერთი მონაწილე, ყოფილი „დეპუტატი“ ბატალ კობახია თვლის, რომ „უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი“ ე.წ. ხელისუფლებას, კორუფციის დასაცავად სჭირდება.

„ეს იქნება კანონი, რომლის ამოქმედების შემთხვევაში, ჩვენ ყველანი უნდა გავჩუმდეთ. აფხაზეთისთვის ყველაზე მძიმე დროსაც არ ეშინოდათ ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმის, ახლაც ვერ ვიტყვით ამაზე უარს, ამას ვერ გვაიძულებენ“, - დასძინა შეხვედრის მონაწილემ.

მედიის თანახმად, თებერვალში სოციალურ ქსელების აფხაზურ სეგმენტში ცხარე დისკუსია მიმდინარეობდა ერთ - ერთი „პრო-სამთავრობო“ ტელეგრამის არხის მიერ გამოქვეყნებულ „უცხო აგენტების“ ჩამონათვალზე, რომელიც ფაქტობრივად არის ასობით ადამიანის სია, რომლებმაც ორი წლის წინ ხელი მოაწერეს მიმართვას, „პრეზიდენტის, პარლამენტის სპიკერის, პრემიერ-მინისტრის და იუსტიციის სამინისტროს“ სახელზე, სადაც „კანონპროექტის“ მომზადებას აპროტესტებდნენ.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში 7 თებერვალს შეიტანა. სამოქალაქო სექტორი აპროტესტებს დოკუმენტს. ისინი მიიჩნევენ, რომ, „ასლან ბჟანია აფხაზეთის უახლეს ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც რეპრესიული მექანიზმების რეანიმირებას ცდილობს“.





Print