ახალი ამბები
აფხაზეთი თავის მომავალს საკავშირო სახელმწიფოში - რუსეთთან და ბელარუსთან ერთად ხედავს, - არძინბა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „აფხაზეთი თავის მომავალს საკავშირო სახელმწიფოში - რუსეთთან და ბელარუსთან ერთად ხედავს“. ამის შესახებ მან სოჭში „მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა.

„დღეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ბელარუსის პროექტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა ბელარუსთან, განხორციელდა სახელმწიფოს მეთაურების ორმხრივი ვიზიტები. ჩვენ გვესმის, რომ გზა საკავშირო სახელმწიფომდე საკმაოდ გრძელი, არსებითი და რთულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი, აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ამ მიდგომას“, - აღნიშნა მან.

2023 წლის ოქტომბერში აფხაზური დელეგაცია, არძინბას ხელმძღვანელობით, მინსკში ჩავიდა, "ორმხრივი უწყებათაშორისი კონსულტაციების ჩასატარებლად". მან განაცხადა, რომ "რუსეთთან შესაძლო ურთიერთობების ხელსაყრელი ფორმა შეიძლება იყოს ასოცირებული სახელმწიფოს მოდელი".

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "უშიშროების საბჭოს" მდივანმა სერგეი შამბამ, ამავე პერიოდში, ასევე განაცხადა, რომ "აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია".

მანამდე, კი აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ სოხუმი დაინტერესებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციული პროცესებით და საკავშირო სახელმწიფოში მონაწილეობა რუსეთთან და ბელარუსთან ერთად "დააკმაყოფილებს რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ მიზნებს".

2022 წლის 28 სექტემბერს ბელარუსის ავტორიტარული ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა. ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი აფხაზეთში ჩასვლა განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდებოდა და რომ ბელარუსი და რუსეთი ათანხმებენ თავიანთ ქმედებებს. აფხაზმა ლიდერმა კი განაცხადა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის "აფხაზეთში ვიზიტის ფაქტი ბევრზე მეტყველებს და ამ ეტაპზე ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს".

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ - მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადეს, რომ "მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში", რაც მათი თქმით "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი.



Print