რეგიონი
ჩხოროწყუს მერზე ფიზიკური ძალადობისთვის ყოფილ საჯარო მოხელეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩხოროწყუს მერიის სპორტის განყოფილების ყოფილი უფროსი ედემ კვარაცხელია წინასწარ პატიმრობაში რჩება. მას ბრალად ჩხოროწყუს მერზე დავით გოგუაზე ფიზიკური ძალადობა ედება.

როგორც რადიო „ათინათს" ბრალდებულის ადვოკატმა სოსო ჯალაღონიამ უთხრა, კვარაცხელია ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

მისივე ინფორმაციით, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა, ბრალდების მხარის შუამდგომლობა და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს 10 000 ლარის ოდენობის შეფარდების თაობაზე. ჯალაღონია ასევე ამბობს, რომ, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ედემ კვარაცხელია რამდენიმე დღის წინ დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც საჯარო მოხელის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

საუბარია ფაქტზე, რომელიც სოფელ მუხურში ადგილობრივებთან შეხვედრის დროს მოხდა. ერთმანეთს, ყოფილი თანამშრომელი და ჩხოროწყუს მერი დაუპირისპირდნენ.

გამოძიება თავდაპირველად, სს კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.



Print