ახალი ამბები
გენო ადამიას დღეს 88 წელი შეუსრულდებოდა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას დაბადების დღეა. გენერალ-მაიორი გენო ადამია 1990-იან წლებში ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო.

აფხაზეთის ომის დროს, მან განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინა ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის ფორმირებაში.

1993 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. ომში ასევე მისი ორი შვილი - გოჩა და ელგუჯა მონაწილეობდნენ.

ადამიას სახელს უკავშირდება სოხუმის დასაცავად განხორციელებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი და წარმატებული სამხედრო ოპერაცია.

გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემის მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც ის თანამებრძოლებთან ერთად, სოხუმში პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.

1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და 1994 წელს, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

2020 წლის 22 სექტემბერს გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გენო ადამიას და პარკში არსებული სხვა ეროვნული გმირების ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.

Print