ახალი ამბები
ჯვარში უკრაინაში მებრძოლი ლევან ფიფიას ბანერს საღებავი შეასხეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ლევან ფიფიას ბანერს საღებავი შეასხეს და დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ დაუდასტურა.

მისი თქმით, ვანდალიზმის სავარაუდო ფაქტი გვიან ღამით მოხდა.

"დაახლოებით, 4-5 საათი იქნებოდა. შეასხეს წითელი საღებავი პორტრეტზე და წარწერაზე - უფალი, სამშობლო, ღირსება. სავარაუდოდ, კამერებიდან გამოჩნდება, ვინ არის ამის გამკეთებელი, რომელსაც არც უფალი სწამს, არც სამშობლო უყვარს და არც ღირსების შეგრძნება არ აქვს", - ამბობს ბელქანია.

წალენჯიხელი ლევან ფიფია 2022 წლიდან იბრძვის უკრაინაში. ის ერთ-ერთ ქვედანაყოფს მეთაურობს და რთულ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს.


ფოტო: ჯვარის საინფორმაციო ცენტრი

Print