ახალი ამბები
სოხუმში მაინინგის 180 - ზე მეტი მოწყობილობა ამოიღეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო საბაჟო კომიტეტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ თანამშრომლებმა სოხუმში მაინინგის 183 მოწყობილობა ამოიღეს, წერს გამოცემა „აიაირა“.

ამავე ცნობით, აკრძალული ტექნიკა გადაჰქონდათ Mercedes-Benz Sprinter - ის მარკის ავტომობილით, რომელსაც ადგილობრივი ხ. კურკუნავა მართავდა.

ინფორმაციაში ასევე მითითებულია, რომ კრიპტოვალუტის მომპოვებელი Whatsminer M 50 მოდელის აპარატები 600 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, მათი ღირებულება, დაახლოებით, 29 მილიონ რუბლს შეადგენს და ისინი, სავარაუდოდ, ასევე ადგილობრივ მცხოვრებს, ვ. გულიას ეკუთვნის. საქმის მასალებს კი „შესაბამისი უწყებები შეისწავლიან“.

ინფორმაციისთვის, უკვე წლებია, აფხაზეთში ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო", სხვა მიზეზებთან ერთად, კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.

სოხუმმა 2020 წლიდან დააწესა შეზღუდვები მაინინგის მოსაპოვებლად ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებაზე. "მინისტრთა კაბინეტმა" 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით, გაახანგრძლივა შეზღუდვები 2024 წლის 31 დეკემბრამდე.⠀


Print