ახალი ამბები
ბჟანიამ აფხაზ ახალგაზრდებს არჩევნებში პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზ ახალგაზრდებს, რომლებიც რუსულ პასპორტებს ფლობენ, არჩევნებში ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„აფსნიპრესის“ თანახმად, ამის შესახებ მან სოხუმში, 12 მარტს გამართულ „აფხაზეთის ახალგაზრდულ ფორუმზე“ გამოსვლისას ისაუბრა.



„ჩვენ არ ვართ ოკეანეში დაკარგული, ბუნების სტიქიასთან პირისპირ დარჩენილი კუნძული. დამოუკიდებელ აფხაზეთს ჰყავს მეგობრები, თუნდაც ბევრი არ იყოს, არიან მეზობლები და მოკავშირეები და მათ შორის არის ქვეყანა, რომელიც ამავდროულად არის ჩვენი საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო მეზობელი და დღეს ერთადერთი ფანჯარა მსოფლიოსკენ. ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელმაც პირველმა აღიარა ჩვენი უფლება თვითგამორკვევის, ჩვენი უფლება ვიცხოვროთ საკუთარ სახლში და ვისაუბროთ საკუთარ ენაზე, განვავითაროთ ჩვენი კულტურა და ეკონომიკა, ჩვენი უფლება ვიყოთ ის, ვინც ვართ“, - დასძინა ბჟანიამ.

მისივე განცხადებით, თავისუფლების შესანარჩუნებლად, „აფხაზეთმა უნდა გაამყაროს ურთიერთობები თავის მოკავშირეებთან, პირველ რიგში, რუსეთთან“.

აფხაზი ლიდერის თქმით, რუსეთი ახლა ებრძვის „აგრესიულ ნაცისტურ რეჟიმს და მის ინსპირატორებს ახალი, სამართლიანი მსოფლიო წესრიგისთვის, რომელიც პატივს სცემს ხალხთა თავისუფლების, თვითგამორკვევისა და სუვერენიტეტის უფლებას“.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს გაიმართება. დაგეგმილია 30 საარჩევნო უბნის გახსნა. არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ რუსეთის მოქალაქეებს "აფხაზურმა" ოპოზიციამაც მოუწოდა.


Print