ახალი ამბები
აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 30 უბანი გაიხსნება - სოხუმი

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში 30 საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათგან უმეტესობა სოხუმში (7), დანარჩენები კი გაგრის (5), გუდაუთის (6), სოხუმის (2), გულრიფშის (3), ოჩამჩირის (5), ტყვარჩელისა (1) და გალის (1) რაიონებში მოეწყობა.


„ყველა აქტუალური საკითხი წყდება აფხაზეთში რუსეთის საელჩოს კოლეგებთან მუდმივი ურთიერთქმედებით“, - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ აფხაზ ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე განაცხადა, ინფორმაციას თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„აფსნიპრესის“ თანახმად, კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ, 18 წელს მიღწეული, რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზეთის მცხოვრებლები. ამავე ინფორმაციით, მათ შეუძლიათ გამოიყენონ, როგორც რუსეთის მოქალაქის მოქმედი, ასევე ვადაგასული პასპორტი.

ასლან ბჟანიამ 12 მარტს გამართულ ფორუმზე, აფხაზ ახალგაზრდებს, რომლებიც რუსულ პასპორტებს ფლობენ, არჩევნებში ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

რუსეთში დაიწყო ხმის მიცემა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 15 -17 მარტს ტარდება. არჩევნებში მონაწილეობს ოთხი კანდიდატი: რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, დუმის კომუნისტი დეპუტატი ნიკოლაი ხარიტონოვი, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ლეონიდ სლუცკი და დუმის ვიცე-სპიკერი პარტიიდან „ახალი ხალხი“ ვლადისლავ დავანკოვი.

2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პუტინის ხელახალი არჩევა რუსეთში მის მმართველობას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს.

 

Print