ახალი ამბები
ბჟანიამ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ვლადიმერ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

აფხაზი ლიდერის თქმით, პუტინის გამარჯვება "არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიო საზოგადოების დიდი ნაწილის გამარჯვებაა". რაც მისივე მტკიცებით, „ახალი, სამართლიანი მსოფლიო წესრიგის დამყარებისკენ გზაზე, რუსი პოლიტიკოსის ძალისხმევის „საერთაშორისო აღიარებაზე“ მიუთითებს. ბჟანიას განცხადებით, „აფხაზეთის მოსახლეობამ თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი პუტინის კანდიდატურას“. 

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში 30 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. მანამდე, 12 მარტს სოხუმში გამართულ ფორუმზე, ასლან ბჟანიამ აფხაზ ახალგაზრდებს, რომლებიც რუსულ პასპორტებს ფლობენ, არჩევნებში ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასიურად ჩართვის მიზნით.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 15 - 17 მარტს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა ხმების 87% მიიღო. ის მეხუთე ვადით ხდება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პუტინის ხელახალი არჩევა რუსეთში მის მმართველობას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს.

Print