ახალი ამბები
რუსეთიდან სოციალური ნაკადი დასრულდა, ენერგომომარაგება ენგურჰესიდან მოხდება, - „ჩერნომორენერგო“⠀
რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის „სოციალური ნაკადის“ მიწოდება დასრულდა, ამის შესახებ კომპანია ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენელმა ალხას გაგულიამ განუცხადა ადგილობრივ მედიას. 

მისივე განმარტებით, საწარმოს მიერ რუსეთის ფედერაციისგან შეძენილ ელექტროენერგიას დე ფაქტო რესპუბლიკა 21:00 საათიდან 7:00 საათამდე მიიღებს, ხოლო დანარჩენ დროს, ენერგომომარაგება ენგურჰესიდან მოხდება. ⠀

„მიუხედავად იმისა, რომ „ჩერნომორენერგომ“ იპოვა შესაძლებლობა შეისყიდოს ელექტროენერგიის ღამის ნაკადი რუსეთიდან, მისი მოცულობა არასაკმარისია. ჰიდროელექტროსადგურის სრული ფუნქციონირებისთვის ასევე არასაკმარისია ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე და მასში წყლის შემოდინება“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც აფხაზური ენერგოკომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამასთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდებაზე არსებულ დროებით შეზღუდვებს, კიდევ ერთი საათი დაემატება.

რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის შემცირების გამო, თვითაღიარებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გრაფიკი იანვარ - თებერვალშიც მოქმედებდა.

უკვე წლებია, აფხაზეთში ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.




Print