ახალი ამბები
აფხაზეთში ვლადიმერ პუტინს 38 945-მა ადამიანმა მისცა ხმა - რუსეთის ცესკო

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმერ პუტინს ხმა 38 945-მა ადამიანმა მისცა. რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების თითქმის 94% მიიღო. 2018 წელთან შედარებით პუტინისთვის მიცემული ხმების რაოდენობა 482-ით შემცირდა.



“ეხო კავკაზას“ თანახმად, ეს მონაცემები არ შეიცავს ოკუპირებულ რეგიონებში განთავსებული სამხედრო ნაწილების შედეგებს.

მანამდე პუტინს გამარჯვება მიულოცა აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 17 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში 30 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

მანამდე, 12 მარტს, სოხუმში გამართულ ფორუმზე, ბჟანიამ აფხაზ ახალგაზრდებს, რომლებიც რუსულ პასპორტებს ფლობენ, არჩევნებში ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  18 მარტს განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასიურად ჩართვის მიზნით.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 15 - 17 მარტს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა ხმების 87% მიიღო. ის მეხუთე ვადით ხდება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პუტინის ხელახალი არჩევა რუსეთში მის მმართველობას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს.

 

Print