ახალი ამბები
ევრო 2024-ზე ბილეთები უეფას პორტალით გაიყიდება - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთები უეფას ოფიციალური პორტალის საშუალებით გაიყიდება.

„უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებთან სამუშაო პროცესსა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში გადავიდა.

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფა-ს ეგიდით ტარდება. შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით. ბილეთების გაყიდვა უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით წარიმართება.

უახლოეს დღეებში დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწვდის გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით. მადლობა მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას და შევხვდებით გერმანიაში“, – ვკითხულობთ სფფ-ის განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.

26 მარტს, დინამო არენაზე საქართველოს გუნდმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში, პენალტების სერიაში, საბერძნეთი ანგარიშით - 4:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს გერმანიაში, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს ჩაატარებს.

Print