ახალი ამბები
აფხაზეთში ელექტროენერგიაზე 6 საათიანი გრაფიკი დაწესდა - „ჩერნომორენერგო“
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ელექტროენერგიაზე დაწესებული გრაფიკი შეიცვალა. ინფორმაციას კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. ამავე ცნობით, 7 აპრილიდან, დენი დღე - ღამეში 6 საათით გაითიშება. მიზეზად კი სადერივაციო გვირაბის მე-8 კილომეტრზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები სახელდება. 

აქვე აღნიშნულია, რომ თუ მათი დასრულების შემდეგ ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე მოიმატებს, შეზღუდვები შეიძლება მთლიანად მოიხსნას.

„არაფერი არ ხდება განსაკუთრებული, საკმაოდ რთულ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა, გვირაბში იყო ბევრი ხე და ნაგავი შემოტანილი, დავცალეთ და გავწმინდეთ გვირაბი. ერთ ადგილას იყო მცირე დეფექტი და იმის აღდგენა მიდის ახლა“, - გვითხრა ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ. მისივე თქმით, სავარაუდოდ, სამუშაოები კვირის ბოლომდე დასრულდება. 

მანამდე ენგურჰესის ადმინისტრაცია ფეისბუკ გვერდის საშუალებითაც იუწყებოდა, რომ 2 აპრილიდან ჰესი რამდენიმე დღით გაჩერდება, "სადერივაციო გვირაბის დათვალიერებისა და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით“.

ინფორმაციისთვის, რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობის შემცირების გამო, თვითაღიარებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გრაფიკი ზამთრის თვეებსა და მარტშიც მოქმედებდა. უკვე წლებია, აფხაზეთში ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.


Print