ახალი ამბები
ბადრი ესებუას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ცემის ფაქტს არ ადასტურებს
2020 წელს საქართველოს ბანკზე თავდამსხმისთვის მსჯავრდებულ ბადრი ესებუას ადვოკატი რადიო "ათინათს" მისი დაცვის ქვეშ მყოფის ცემის ფაქტს არ უდასტურებს.

უფლებადამცველის სოსო ჯანაშიას თქმით, მან საპატიმროში მყოფი ბადრი ესებუა ახლახან ნახა და მისივე სიტყვებით, მას ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.

"როდინდელი ამბავია ეს, პირველად მესმის. 14 მარტის მერე ვიყავი მასთან. არანაირი დაზიანება არ აქვს, მხოლოდ შიმშილობს. თითი არავის დაუკარებია მისთვის. მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს", - ამბობს ადვოკატი.

რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ბადრი ესებუას წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ 14 მარტს მას საპატიმროში 10-მდე პირმა სცემა. ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით, წერილი ესებუამ ყოფილ ადვოკატს ალექსანდრე კობაიძეს გაუგზავნა.

კობაიძე სწორედ ის უფლედამცველია, რომლის დაცვაზეც ესებუამ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე უარი თქვა.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე, შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა

ორი წლისა და ოთხი თვის ძებნის შემდეგ ბადრი ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


ამავე თემაზე: 

ბადრი ესებუა ტერორისტად ცნეს - მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბადრი ესებუა : „იმედი არ მაქვს რომ სამართლიანი განაჩენი იქნება"

პროკურატურა ბადრი ესებუასთვის სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვს

ბადრი ესებუას პროცესზე აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები გამოიკვლიეს

ბადრი ესებუას დედა: „2020 წლის 21 ოქტომბერს ჩემი შვილი მთელი დღე სახლში იყო“

ბადრი ესებუას ადვოკატი სასამართლოს ტენდენციურობასა და მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს


Print