ახალი ამბები
პოლიტიკური კონსულტაციების გამო არ ვესწრებოდით - "ქართული ოცნება" საკრებულოში მივიდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მეექვსე ცდაზე კვორუმი შედგა. სხდომას დაესწრნენ ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის სანდრო სორდიას თქმით, წარმომადგენლობით ორგანოში სხდომების გაცდენა დაკავშირებული იყო პოლიტიკურ კონსულტაციებთან, თუმცა ის არ აკონკრეტებს რა საკითხებზე და ვისთან ჰქონდათ მსჯელობა "ქართულ ოცნებაში".

"შეგახსენებთ, რომ საკრებულო შედგება 45 წევრისაგან, შესაბამისად, უმრავლესობას ფლობს ოპოზიციური ფლანგი. დღეის მდგომარეობით, ეს არის 25 ადამიანი. შესაბამისად, კონკრეტული ფრაქციის, ამ შემთხვევაში," ქართული ოცნების" მოსვლა-არ მოსვლაზე არ უნდა იყოს საკრებულოს ფუნქციონირება დამოკიდებული", - ამბობს სორდია.

ოპოზიციონერი თანამდებობის პირების იმპიჩმენტზე, რომელსაც სისრულეში მოსაყვანად "ქართული ოცნების" წევრების გარდა, კიდევ 3 ხმა დასჭირდება, აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი შეიძლება იყოს მათი ინიციატივის მხარდამჭერი.

"მაშინ, როდესაც მათ აქვთ აღებული პოლიტიკური თანამდებობები, ეს ნიშნავს პოლიტიკური თანამდებობების აღებასთან, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მართონ მუნიციპალიტეტის საკრებულო. როგორც ჩანს, მათ ეს ჩვენ გარეშე არ შეუძლიათ, შესაბამისად, დავაინიცირეთ ეს საკითხი", - ამბობს ის.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიგა ფარულავას განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ საკრებულოსთვის გამოცხადებული ბოიკოტი, შესაძლოა, თანამდებობის პირების გადაყენებაზე სავარაუდო წინასწარ შეთანხმებას უკავშირდებოდეს.

"კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის თანამდებობები არასდროს არ ყოფილა ამოსავალი წერტილი, დაველოდოთ შედეგს. მათი ამ დაწყებული შეთანხმების მიმდინარე კონსულტაციებს, როგორც თვითონ ამბობენ. იმედია, მათ იგრძნეს პასუხისმგებლობა ამ ბოიკოტის რეჟიმში რომ იყვნენ და მთავარია ეს მიმდინარე სხდომა დღეს ასე ვთქვათ დავასრულეთ და დაიხურა ის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, რაც უნდა განგვეხილა", - განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ.

რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ისინი ჯერ კიდევ არ ცხადდებიან ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში.

ინფორმაციისთვის, ქართულმა ოცნებამ 10 აპრილს დაარეგისტრირა ინიციატივა, საკრებულოს ოპოზიციონერი (ფრაქცია "ახალის" წევრების) ხელმძღვანელების, საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და მისი, ასევე, ოპოზიციონერი მოადგილეების გადაყენების შესახებ. დოკუმენტი მომდევნო თვეში უნდა წარედგინოს საკანონმდებლო ორგანოს. გადაწყვეტილების მისაღებად, სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო 45 მანდატიან საკრებულოში, თუმცა, მმართველ პარტიას მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.


ამავე თემაზე:

საკრებულოში სხდომა მეხუთედ გადაიდო, ფრაქცია "ახალი" კი ბრალდებებს პასუხობს

ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების ხელმძღვანელების გადაყენება, შეუმდგარი კვორუმი და ბრალდებები - რა ხდება ზუგდიდის საკრებულოში

ზუგდიდის საკრებულოში “ოცნება” ოპოზიციონერი თავმჯდომარის იმპიჩმენტს გეგმავს

საკრებულოში ფრაქცია "ახალის" ცნობად მიღება გადაიდო

Print