ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრს ისევ არ ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრი, რამდენიმე თვეა, სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის გარეშეა დარჩენილი.

სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით ემა ლაშხია ასრულებს. ის რადიო "ათინათს" ეუბნება, რომ თეატრის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა ახლო მომავალში გახდება ცნობილი, თუმცა ვერ აკონკრეტებს თარიღს.

"ამჟამად, ზუგდიდის თეატრს არ ჰყავს დირექტორი. როდესაც დაინიშნება სამხატვრო ხელმძღვანელი, იგი წარადგენს დირექტორის კანდიდატურას და მას დაამტკიცებს კულტურის მინისტრი", - ამბობს ლაშხია.

თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა შეროზია, რომელიც შესარჩევ კონკურშიც მონაწილეობდა, განმარტავს, რომ მას ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია გამოცხადებული კონკურსის შედეგებზე, რომელიც, მისი თქმით, საჯაროდ, სამინისტროს ვებ გვერდზე უნდა უნდა გამოქვეყნდეს.

"ჩემთან არ ჰქონიათ კომუნიკაცია და ვერაფერს ვიტყვი. როდესაც პირველად ჩაიშალა კონკურსი, მაშინ დამირეკეს, ორი დღით ადრე, სანამ ჩაიშლებოდა და მქონდა ინფორმაცია, ამ შემთხვევაში კი, მსგავსი არ ყოფილა", - თქვა შეროზიამ.

კულტურის სამინისტრომ 2023 წლის 31 ოქტომბერს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი ჩაშალა.

სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიზეზად "უფრო ჯანსაღი კონკურენციისთვის თანაბარი პირობების შექმნა" დასახელდა, თუმცა უწყებას დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მოგვიანებით კი, უწყებამ ამავე პოსტზე კონკურსი კვლავ გამოაცხადა.




ამავე თემაზე: 

რატომ ჩაიშალა ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი - სტანდარტული პროცედურა თუ მიზანმიმართული ქმედება

ისევ უცნობია, ვინ გახდება ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

ზუგდიდის დრამატული თეატრის ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდა

ზუგდიდის დრამატული თეატრის ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი გამოცხადდა
Print