ახალი ამბები
ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან
საქართველოს პარლამენტში "აგენტების კანონს" კანონპროექტის 83 მხარდამჭერიდან ზუგდიდელი, ხობელი და ფოთელი დეპუტატებიც არიან.

აგენტების კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა და მოგვიანებით, მაჟორიტარმა ედიშერ თოლორაიამ, ხობის ყოფილმა მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა გიორგი ხახუბიამ.

თოლორაიამ და ბერაიამ კანონს ხმა გასულ წელსაც მისცეს, ისევე, როგორც შემდეგ მის გაწვევას. პირველი მოსმენით კანონს, შარშანდელის მსგავსად, მხარი დაუჭირა მესტიის ყოფილმა მაჟორიტარმა ვიქტორ ჯაფარიძემაც. 

ინფორმაციისთვის, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

3 აპრილს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი პარტია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს მეორედ დააინიცირებდა. საქართველოს პარლამენტის ბიურომ კანონპროექტი 8 აპრილს დაარეგისტრირა.

2023 წლის 7 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, რასაც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ათასობით მოქალაქის შეკრება მოყვა. აქციის დასაშლელად ძალოვნებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი, 66 პირი კი დააკავეს. საპროტესტო აქცია სლოგანით "არა რუსულ კანონს" გაიმართა ზუგდიდშიც. 9 მარტს კი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და "ხალხის ძალას" შორის კონსულტაციების შედეგად, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო 10 მარტს პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო დოკუმენტი.

ამავე თემაზე: 

პარლამენტი "აგენტების" კანონს პირველი მოსმენით კენჭს დღეს უყრის

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

"არა რუსულ კანონს!" - ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს (ფოტო)

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები, მათ შორის "ათინათი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

რადიო "ათინათი" არ გეგმავს "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას - განცხადება
Print