ახალი ამბები
„პროპაგანდით ორიენტაციას ვერ შეიცვლით“, - სამოქალაქო აქტივისტის კომენტარი და შეურაცხმყოფელი რეპლიკები მის მიმართ (ვიდეო)
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა არანორმატიული ლექსიკა გამოიყენეს, აგინეს და უხამსი სიტყვებით მიმართეს.

ვართაგავამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ბავშვთა დაცვის საქმეში პრიორიტეტების არასწორად გადანაწილებაზე და აღნიშნა, რომ ნაცვლად დღეს განხილული საკითხისა, საზოგადოება უნდა საუბრობდეს სკოლებში ბავშვთა შიმშილზე.

"ბავშვებს სკოლებში შიმშილისგან მისდით გული, ვერ ორიენტირდებიან სწავლაზე", - აღნიშნა მან.
საუბრისას ვართაგავას რამდენჯერმე სიტყვა გააწყვეტინეს და მისი მისამართით ისეთი რეპლიკები გამოიყენეს, როგორიცაა "მონა" და "გაყიდული".

გარდა ამისა, მან თქვა, რომ რელიგიური დისკურისას ყურადღება უნდა გამახვილდეს ოკუპირებულ აფხაზეთში ილორის ეკლესიის დამახინჯებულ იერსახეზე.

"ბატონი გუბერნატორი ძალიან გულწრფელი ადამიანი აღმოჩნდა, არ ვიცნობდი აქამდე, როცა ახსენა, რომ ადამიანები ვერ დავაჯერეთ რატომ უნდა მოსულიყვნენ და ესაუბრათ.
ქართული ოცნება "მიმი" რომ ყოფილიყო, იქნებოდა ის ადამიანი ველოსიპედით, მიდის და ჯოხს რომ საკუთარ საბურავს გაუყრის, რათა წაიქცეს და დაზიანდეს. გამოგონილ პრობლემაზე ვსაუბრობთ და რეალური პრობლემები გვრჩება მიღმა", - უთხრა შეკრებილებს მან.

გამომსვლელმა საუბარი დაასრულა გენდერისა და სქესის შეცვლის მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული წარმოდგენებით.

"ვერანაირი პროპაგანდით ორიენტაციას ვერ შეიცვლით და თუ სქესი და გენდერი იცვლება პროპაგანდით, მაშინ თქვენ, ყველა, გეები და ლესბოსელები ყოფილხართ", - განმარტა.

დღეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვა ჩაატარეს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარები მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი დაესწრნენ.
Print