წალენჯიხის მერის გიორგი ხარჩილავას და მისი მოადგილეების ინფორმაციით, წალენჯიხიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე გაემგზავრა თბილისში, დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დასასწრებად და „აგენტების„ კანონთან ერთად, იმ მოვლენების გასაპროტესტებლად, რაც გუშინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა.
როგორც წალენჯიხის მერი ამბობს, წალენჯიხელები, ნაწილ - ნაწილ მიემართებიან თბილისისკენ და ის მოუწოდებს მეზობელი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, შეუერთდნენ მათ პროტესტს. მისი თქმით, რეგიონმა გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას „საქართველოსთვის ისტორიულ ომში“.
„საქართველოს ხელისუფლებამ იძალადა საკუთარ მოსახლეობაზე, ახალგაზრდობაზე. უღალატა საქართველოს მომავალს და მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საკუთარი სამშობლო და ღირსეული ცხოვრება ამ ქვეყანაში, დედაქალაქი დგას, დედაქალაქი იბრძვის, დედაქალაქი არ ნებდება და ახლა, ყოველი ჩვენთაგანის ვალია, რეგიონების ვალია, შევეშველოთ, ჩავანაცვლოთ, შევავსოთ მათი რიგები და ივანიშვილის ის ოცნება, რომ ჩვენ შემოდგომამდე ძალა გამოგველევა, შემოვუბრუნოთ უკან, თვითონ მოვქანცოთ და თვითონ წავიყვანოთ დათმობაზე. გაიწვიოს რუსული კანონი...“ , - განაცხადა ხარჩილავამ.
მასობრივი პროტესტები თბილისსა და სხვა ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"
პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. საქართველოს პარლამენტში "აგენტების კანონს" კანონპროექტის 83 მხარდამჭერიდან ზუგდიდელი, ხობელი და ფოთელი დეპუტატებიც არიან.
კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა, რასაც მორიგი საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა. მანიფესტანტები, რომელთა ძირითადი ნაწილი ახალგაზრდობაა, „აგენტების“ კანონს თბილისის სხვადასხვა წერტილში აპროტესტებდნენ.
წუხანდელი აქციის დასაშლელად, ხელისუფლებამ სპეცდანიშნულების რაზმები ისევ გამოიყვანა, მრავალგზის გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, ფიზიკურად უსწორდებოდა და აკავებდა აქციის მონაწილეებს.
შსს - ს ინფორმაციით, თბილისში, აქციაზე, 63 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ზუგდიდელი აქტივისტი
როსტომ ზარანდია.
თბილისში მიმდინარე მოვლენები, მოქალაქეებმა ზუგდიდშიც გააპროტესტეს, რა დროსაც პოლიციელებმა ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ახალის” თავმჯდომარე მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა
დააკავეს.
“ადვოკატის კესო ჩახაიას ინფორმაციით, ორივე მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ამ წუთებში „უცხოეთის აგენტების“ კანონს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კვლავ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ. სხდომა ოპოზიციის დეპუტატების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები