ახალი ამბები
ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმამდე პირველი რეისი გაუქმდა
ნიჟნი ნოვგოროდი სოხუმის რეისი, რომელიც ადრე გადაიდო, უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ დაწესებული შეზღუდვების გამო, გაუქმდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტ „ჩკალოვის“ ონლაინ - ტაბლოზეა განთავსებული.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, თავდაპირველად, ფრენა 7 მაისისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ საბოლოოდ რეისი საერთოდ გაუქმდა.

ამავე ცნობით, უკრაინული დრონების მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, რუსეთის რიგ რეგიონებსა და მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა.

ცნობისთვის, 7 თებერვალს სოხუმის აეროპორტმა პირველი სატესტო რეისი მიიღო მოსკოვიდან, რომელიც ავიაკომპანია „UVT Aero“-მ განახორციელა.

მანამდე, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ 6 მაისიდან ავიაკომპანია „Ikar Airlines“- ი დაიწყებს ფრენებს, ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით.

უფრო ადრე „ როსავიაციამ“ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ფრენების ნებართვა გასცა ავიაკომპანია iFly-ზე მოსკოვიდან, ხოლო Nordstar- ზე მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან. თუმცა, ამ გადამზიდავების ფრენების დაწყების თარიღები ჯერჯერობით არ არის მითითებული.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე ავიაკომპანია სანქცირებულია – მათ ევროკავშირის ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საერთაშორისო ნორმებს არღვევს. თბილისი აცხადებს, რომ საქართველო სარგებლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „უპირობო მხარდაჭერით“.

სოხუმის აეროპორტში რუსეთიდან ფრენების განახლება ასევე დაგმეს ევროკავშირის ქვეყნებმა.

2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.

2019 წლის ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.

2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO - მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.




Print