„საქართველოს პოლიტიკური ელიტა ვერ შეეგუა რეალობას. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, არიან თუ არა ისინი ოკუპირებულები. ჩვენ თავისუფლები ვართ, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს. ესაა დამოუკიდებლობა. საქართველოს განცხადებები პოლიტიკურია“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ "რია ნოვისტისთან" ინტერვიუში თქვა.
მისივე განცხადებით “თბილისთან დიალოგი შესაძლებელია რეალობის აღიარების და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ“. გუნბას სიტყვებით, აფხაზეთის პრიორიტეტი „მეზობელთან მშვიდობიანი ცხოვრებაა“.
„ჩვენ გვსურს საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები, რათა მისმა ხელმძღვანელობამ გააცნობიეროს, რომ მათ წინაშეა დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც არც ომი სურს და არც კონფლიქტი. ეს პრიორიტეტი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფარგლებში ვლადისლავ არძინბამ დაისახა და ის არ შეიცვლება“, - აღნიშნა მან.
ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას, მან თქვა რომ „სიტუაცია დასტაბილურდა“ და „საჭიროა მუშაობა" მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, რადგან „ხალხი დაიღალა პოლიტიკითა და პოპულიზმით“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, 9 მაისს, მოსკოვში ნაციზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და სამხედრო აღლუმს დაესწრო. 10 მაისს ის კრემლში რუსეთი პრეზიდენტმა ვლადიმერ
პუტინმა მიიღო.
შეხვედრის ღია ნაწილის დასასრულს, აფხაზმა ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს ნებისმიერ მისთვის მოსახერხებელ დროს აფხაზეთში ჩასვლა შესთავაზა.
„დიდი მადლობა, სიამოვნებით. თარიღს თქვენთან ერთად მოგვიანებით შევათანხმებთ,“ - თქვა პუტინმა გუნბას მოწვევის საპასუხოდ.
გუნბა პუტინს, მანამდე, 5 მარტსაც შეხვდა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩვენბში გამარჯვებიდან მალევე, ის კრემლში მიიღეს და აფხაზებისთვის „ორმაგი მოქალაქეობის“, ელექტრომომარაგების და სხვა საკითხების მოგვარების პირობა მისცეს.
მასალის გამოყენების პირობები