ახალი ამბები
სოხუმის აეროპორტმა ნიჟნი ნოვგოროდიდან პირველი რეისი მიიღო
13 მაისს, სოხუმის აეროპორტში ნიჟნი ნოვგოროდიდან შესრულდა პირველი ფრენა.
რეისზე მყოფ პირველ მგზავრებს, საზეიმო დახვედრა მოუწყვეს ოკუპირებული აფხაზეთის „მთავრობის“ წარმომადგენლებმა, წერს "აფსადგილ ინფო". 

“დღესდღეობით, მგზავრთა მომსახურება დროებით ტერმინალში ხორციელდება. აეროპორტის ჩრდილოეთ ნაწილში ახალი აეროპორტის კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი საერთო ფართობი დაახლოებით 5 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, მასში შევა ჩამოსვლისა და გამგზავრების დარბაზები, ასევე არკადული გალერეა შესასვლელი კონტროლის შენობით. აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება გაგრძელდება”, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, ნიჟნი ნოვგოროდიდან ორივე მომართულებით, რეისებს ასრულებს ავიაკომპანია Ikar Airlines, 100 ადგილიანი Embraer 190 თვითმფრინავით.

აეროპორტის პრესსამსახური ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში მოსალოდნელია ფრენები ფართოკორპუსიანი თვითმფრინავებით და აეროპორტის მარშრუტების ქსელის გაფართოება.

მანამდე, ნიჟნი ნოვგოროდი სოხუმის მიმართულებით ფრენა, ორჯერ გაუქმდა.

ცნობისთვის, 7 თებერვალს სოხუმის აეროპორტმა პირველი სატესტო რეისი მიიღო მოსკოვიდან, რომელიც ავიაკომპანია „UVT Aero“-მ განახორციელა.

უფრო ადრე, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ 6 მაისიდან ავიაკომპანია „Ikar Airlines“- ი დაიწყებს ფრენებს, ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით.

„როსავიაციამ“ აცხადებდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ფრენების ნებართვა გასცა ავიაკომპანია iFly-ზე მოსკოვიდან, ხოლო Nordstar- ზე მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან. თუმცა, ამ გადამზიდავების ფრენების დაწყების თარიღები ჯერჯერობით არ არის მითითებული.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე ავიაკომპანია სანქცირებულია – მათ ევროკავშირის ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საერთაშორისო ნორმებს არღვევს. თბილისი აცხადებს, რომ საქართველო სარგებლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „უპირობო მხარდაჭერით“.

სოხუმის აეროპორტში რუსეთიდან ფრენების განახლება ასევე დაგმეს ევროკავშირის ქვეყნებმა.

2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.

2019 წლის ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.

2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO - მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.
















Print