ახალი ამბები
მტკვარში ორი ზუგდიდელი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს - გრძელდება ერთი ადამიანის ძებნა-შველის ოპერაცია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გუშინ, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის, ზუგდიდელი ახალგაზრდების ცხედრები იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედრები წყლიდან უკვე ამოასვენეს და მათ უტარდებათ ყველა შესაბამისი, სამართლებრივი პროცედურა. მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.

მათივე ცნობით, ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფები.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე,მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ დაკავებულია პირი, რომელმაც ავარიული ვითარება შეუქმნა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

Print