ახალი ამბები
აფხაზური ოპოზიცია „ნაადრევს“ უწოდებს რუსი ჩინოვნიკების განცხადებას საინვესტიციო შეთანხმებასთან დაკავშირებით
აფხაზური ოპოზიცია ეხმიანება რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის კომენტარს, რომლის თანახმადაც, „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებამ უნდა დაიცვას ინვესტორების უფლებები და კაპიტალი“.
ამის შესახებ მან რუსულ „ტასს“ - თან ინტერვიუში განაცხადა, წერს „აფსნიპრესი“.

„ნებისმიერი უცხოური ინვესტიცია დაცული უნდა იყოს. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენ გვაქვს შეთანხმება აფხაზეთთან ინვესტიციებისა და კაპიტალდაბანდებების დაცვის შესახებ. მის საფუძველზე, ასევე ცალკეულ პროექტებზე ორმხრივი სამთავრობათაშორისო შეთანხმებების საფუძველზე, რესპუბლიკაში ხორციელდება არაერთი მსხვილი, მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან არ არსებობდა და რომელშიც მონაწილეობენ არა მხოლოდ რუსული სახელმწიფო კაპიტალი, არამედ კერძო ინვესტიციებიც“, - აღნიშნა ვოლვაჩმა.

რუსი ჩინოვნიკის სიტყვებს, რუსეთ - აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებასთან დაკავშირებით, „ნაადრევსა და ნაჩქარევს“ უწოდებს აფხაზური ოპოზიცია.

„ამჟამინდელ სიტუაციაში, როდესაც აფხაზეთის რესპუბლიკა კრიზისიდან გამოსვლისკენ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს, როდესაც მთავრობისა და ადგილობრივი ადმინისტრაციების ფორმირება ჯერ არ დასრულებულა და ეროვნული განვითარების პროგრამა ჯერ არ არის წარდგენილი, ასეთი ინიციატივები ნაადრევად გამოიყურება და არ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას. ყველა ინვესტორისთვის სისტემური გარანტიების არარსებობის პირობებში, დიდი რუსული კაპიტალის შეღავათებისა და პრეფერენციების საკითხების ხელახლა წამოჭრის მცდელობა აღიქმება, როგორც სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა. ამან შეიძლება გამოიწვიოს დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის ახალი ტალღა აფხაზურ საზოგადოებაში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტიები: „ეროვნული ერთიანობის ფორუმი“, „აფსნი“, „აკაზარა“, ასევე სამი საზოგადოებრივი მოძრაობა - „არუაა“, „აფხაზეთის სახალხო მოძრაობს“ და „თანამედროვე სახელმწიფო“ ავრცელებენ.

განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ რუსულ მხარეს არ იჩქარონ და ააშენონ „აფხაზეთ-რუსეთის“ ურთიერთობები ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და ორივე ქვეყნის ყველა მოქალაქის და არა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების ვიწრო წრის ინტერესების გათვალისწინებით.

ცნობისთვის, 2024 წლის ნოემბერში საივესტიციო შეთანხმების ე.წ. პარლამენტში განხილვას და შემდეგ მისი რატიფიცირების პროცესის ჩაგდებას საპროტესტო აქციები და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.

მანამდე, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ რუსეთი და აფხაზეთი დაუბრუნდებიან საინვესტიციო სოხუმთან საინვესტიციო შეთანხმებას, მხოლოდ ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ, ასევე გააკეთა კომენტარი თემაზე: „უნდა იყოს თუ არა ეს ინვესტიციები გათვალისწინებული კანონით? რა თქმა უნდა, პასუხი დადებითია, მაგრამ ასეთი დებულება არ საჭიროებს აურზაურს, ის მოითხოვს გააზრებულ, სისტემატურ მუშაობას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ორივე მხარის ინტერესებს“.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო აფხაზური მიმართულების კურატორად 2025 წლის იანვარში დაინიშნა.

2022 წლიდან "აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის კურატორი" ალექსანდრ ნოვაკი იყო; მანამდე ამ ფუნქციას მარატ ხუსნულინი ასრულებდა.





Print