მოსკოვი მხარს უჭერს უმოკლეს დროში „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციას საქართველოსთან“.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაილ გალუზინმა, განაცხადა 19 მაისს, შეხვედრაზე, რომელზეც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს.
შეხვედრას, ჟენევის დისკუსიებზე აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელი, ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრის მოადგილე ოდისეი ბიგვავა ესწრებოდა.
„აღინიშნა საქართველოს მიერ მეზობელი რესპუბლიკების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადების მნიშვნელობა, ასევე საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყების მნიშვნელობა მათი შემდგომი დემარკაციით“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების 63-ე რაუნდი 2025 წლის 4-5 მარტს გაიმართა.
მოსკოვმა შეხვედრაზე ისევ განაცხადა, რომ „რეგიონში ვითარების შემდგომი გაუმჯობესებისთვის შეიძლება ხელშემწყობი იყოს საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება და შემდგომი დემარკაცია“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
რაც შეეხება აფხაზურ მხარეს, მათ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) საქმიანობის განახლების საკითხი დააყენეს ისევ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მექანიზმის აღდგენის მიმართ მზაობა.
„როგორც ადრე, აფხაზეთმა დაჟინებით მოითხოვა ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა, ერთის მხრივ, საქართველოსა და აფხაზეთს, და მეორე მხრივ, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი 2025 წლის ივნისში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები