ახალი ამბები
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონების ოჯახი და ახლობლები შესაბამის უწყებას სთხოვენ სახლის დაწვასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება შეწყდეს. მათი თქმით, ეს იყო მოსახლეობის პროტესტი და სოფელში მოძალადე მამა-შვილის ოჯახის დაბრუნებას არასოდეს დაუშვებენ.

"მოთხოვნა გვაქვს ყველას ერთი, რომ უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები. უვადო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ, ისინი ციხიდან არ უნდა გამოვიდნენ. სოფლის მოთხოვნაა, რომ შეწყდეს სახლის გადაწვაზე გამოძიება," - ამბობს დაზარალებულების მამიდა.

ინფორმაციისთვის, გამოძიების ვერსიით, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 8 წლის გოგონას მამა-შვილი 2 წლის განმავლობაში აუპატიურებდა. ამავე ცნობით, დაკავებულიდან ერთ-ერთმა  2018 წელს 9 წლის გოგონას მიმართაც განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება. დაზარალებული გოგონები დები არიან და ისინი ბრალდებულების მეზობლად ცხოვრობენ.

მომხდარზე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 15 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.


Print