აქტუალური თემები
მესტიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო
მესტიაში,  ლეხზირის ხეობასა და მულახში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. ამასთან, როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, დაზიანებული წყლის მილები დაათვალიერეს წყალმომარაგების თანამშრომლებმა და სავარაუდოდ, დაბა მესტიას წყლის მიწოდება ხვალ აღუდგება.

„დაზიანებები შეამოწმეს სპეციალისტებმა და ელოდებიან ტექნიკას სამუშაოების დასაწყებად. ვფიქრობთ, რომ ხვალისთვის აღუდგება მოსახლეობას წყლის მიწოდება. ასევე, ადგილზე მუშაობს უკვე მძიმე ტექნიკა და კიდევ ველოდებით. მულახში გადასასვლელი ხიდი აღდგენილია, თუმცა ახლა აქ მძიმე ტექნიკამ უნდა გაიაროს, რათა მდინარე კალაპოტში მოაქციონ“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

ხეობაში, ჰესის მიმდებარედ, ტურისტულ მარშუტზე გადაადგილება შეზღუდულია. მერის თქმით, მოძრაობა მანამ არ აღდგება, სანამ ადგილს გეოლოგები და სპეციალისტები არ შეისწავლიან. რაც შეეხება ზარალს, მისი ოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.

„ცალკეა ზარალი, რომელიც ჩვენ, ინფრასტრუქტურულად მოგვადგა, ასევე, ჩვენს მოსახლეობას და ცალკე ზარალი, რომელიც ჰესს მიადგა“, - გვითხრა მერმა.

მისი ინფორმაციით, ადგილზე დღეს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივლენ.

Print