სტატია
ზუგდიდის ბაზარში ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო ვაჭრობის მკვეთრ შემცირებას უჩივიან (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები მყიდველების ნაკლებობას უჩივიან და ამას ენგურის ხიდის გადაკეტვას უკავშირებენ. მოვაჭრეების მტკიცებით, ვაჭრობა მკვეთრად სწორედ მას შემდეგ შემცირდა, რაც ოკუპირებული გალიდან ადამიანები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვეღარ გადმოდიან.

alt
„ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და რაც ხიდი დაიკეტა, ხალხი ვეღარ ვაჭრობს, ვეღარ შემოდის, ფულის ბრუნვა არ არის და ძალიან დაგვეტყო. რაც ჩაიკეტა, სრულებით ვერ ვხედავთ ხალხს”, - გვითხრეს მოვაჭრეებმა.



ისინი ამბობენ, რომ მათზეც ე.წ. საზღვრის გადაკეტვა თითქმის ისევე უარყოფითად აისახება, როგორც გალში მცხოვრებ მოსახლეობაზე.

alt
„ერთ კვირაზე მეტია, ხალხი არ დადის. ისინი უფრო მეტად ყიდულობენ ხოლმე. მე რა რაოდენობის საქონელსაც ერთ დღეში ვყიდდი, ახლა ოთხ დღეში მეყიდება“, - თქვა საქონლის ხორცით მოვაჭრემ ვახო ჯიგანიამ.

მოვაჭრეები გამოსავალს ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაში ხედავენ.

მაშინ, როცა ზუგდიდის ბაზარში, როგორც აქ მომუშავე ადამიანები ამბობენ, მყიდველების თითზე ჩამოთვლა შეიძლება, მკვეთრად აიწია პროდუქტზე ფასებმა გალის ბაზარში. ეს ერთ-ერთია იმ მიზეზებს შორის, რის გამოც გალის მცხოვრებლებმა დღეს ენგურის ხიდის დაკეტვა გააპროტესტეს.

ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას ადასტურებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და დე ფაქტო მთავრობებს მოუწოდებს, საკუთარ გადაწყვეტილებებს გადახედონ.

alt
„ეს არაჰუმანურია, არავის ინტერესებს არ ადგება და დამერწმუნეთ, ამ რეგიონების მოსახლეობა ძალიან წუხს. ჩვენ არაერთი მომართვა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობას საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემა აქვს... მოსახლეობის ნაწილს აქვს შეზღუდული წვდომა ვაჭრობაზე, რაც მათი ოჯახებისა და დანარჩენი მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა მინისტრმა.
alt
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 10 იანვარს, ორი თვით, დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა. ენგურის ხიდზე გადმოსვლას ამ დროისთვის მხოლოდ ენერგეტიკოსები და მძიმე ავადმყოფები ახერხებენ.


ამავე თემაზე:

გალის მკვიდრი: ხიდზე რიგებია, ზუგდიდში ვერ გადმოვდივართ
Print