სტატია
რატომ გახდა დავის საგანი წალენჯიხაში ზვიად გამსახურდიას ბიუსტის დადგმის იდეა
წალენჯიხაში, 26 მაისს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტის დადგმის შემდეგ სოციალურ ქსელში ადგილობრივმა სტუდენტმა გიორგი არქანიამ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. ის წერს, რომ ბიუსტის დადგმის ინიციატორები - 44 ახალგაზრდა ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. გიორგი არქანია ამტკიცებს, რომ მან ახალგაზრდებთან ერთად გასული წლის ნოემბერში საკრებულოში აღნიშნული ინიციატივით ოფიციალური წერილი შეიტანა, რის შემდეგაც ამ საკითხზე მუშაობა დაიწყეს.

„საკრებულოს თავმჯდომარეს ვესაუბრე და შევთანხმდით, რომ განცხადებას შევიტანდით. ასეც მოვიქეცით. განხილვაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ როცა დაინიშნა განხილვა, გარკვეულმა პირებმა თქვეს, რომ, თითქოს, ჩვენ ვართმევდით ინიციატივას. საუბარი ამ ბიუსტზე 2014 წლიდან იყო, თუმცა, როგორც ხედავთ, მხოლოდ 5 წლის შემდეგ დაიდგა. ქალაქის ცენტრში, მოედანზე წარწერაც კი იყო ამის აღმნიშვნელი და ეს იყო ეროვნული მოძრაობის ინიციატივა. შემოდგომაზე კი ჩვენ გავაქტიურეთ ეს ინიციატივა, რადგან 80 წლის იუბილის აღნიშვნა გვსურდა სხვანაირად. ზვიადის სახელს ბევრი იყენებს. მთავარია, საქმე გაკეთდა. თუმცა, ჩვენ უსამართლობაზე გვწყდება გული. ადამიანები მიიწვიეს ოფიციალურად და ჩვენ არავინ შეგვეხმიანა. ჩვენ გვინდოდა, ერთობლივი ყოფილიყო, თუმცა, გამოვიდა, რომ თავად მიისაკუთრეს ეს იდეა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ არქანიამ.

წალენჯიხის მუნციიაპლიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრი დავით ბელქანია ამბობს, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის საკრებულოს თავმჯდომარეობდა, ზვიად გამსახურდიას მომხრეებს ამ საკითხზე ინიციატივა უკვე ჰქონდათ.

„მაშინ ჩვენ ადგილიც მოვნიშნეთ. შარშან ახალგაზრდების ჯგუფი შემოვიდა, რომელიც ამავე საკითხით იყო დაინტერესებული და გადავწყვიტეთ, განხილვა მოგვეწყო. ნამდვილად იდეა, რომ ბიუსტზე წარწერა „წალენჯიხა საქართველოს სიმბოლოა“ ყოფილიყო, მათ ეუთვნით, თუმცა, ეს ინიციატივა, წლებია, არსებობს. ამის შესახებ კი ახალგაზრდები ინფორმირებულები იყვნენ“, - აღნიშნა ბელქანიამ.

26 მაისს წალენჯიხაში დადეგმილი ღონისძიებების ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ ღონისძიებაზე მოსაწვევეები არავისთვის გაუგზავნიათ და ნებისმიერ მსურველს მასზე დასწრება შეეძლო. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ 2014 წლიდან ესკიზებზე მუშაობასა და სხვა დეტალების დაზუსტებას 5 წელიწადი დასჭირდა და სწორედ მაშინ, გამსახურდიას მომხრეებისა და ადგილობრივი თვითთმართველობის ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი პირველი პრეზიდენტის ბიუსტის დადგმას წალენჯიხაში.

აქაური ახალგაზრდები კი ამბობენ, რომ გულდაწყვეტის მიუხედავად, მთავარი მათთვის ისაა, რომ გამსახურდიას ბიუსტი დადგეს და მისთვის პატივის მიგებას თავადაც აპირებენ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას ბიუსტის დასადგმელად მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოაცხადა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 ათასი ლარი გამოყო.


Print