სტატია
სამართლიანი აღშფოთება, მძიმე სანახავი -"ოცნების" ზუგდიდელი და ცენტრალური ხელისუფლების იდენტური ფრაზები
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მსვლელობისას, რომელსაც საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა, პროტესტი საჯაროდ და საკუთარი ინიციატივით ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ გამოუხატავს.

დუმის დეპუტატების ვიზიტი, ბიძინა ივანიშვილის განცხადების გავრცელებამდე, საკუთარი ინიციატივით ზუგდიდში "ქართული ოცნების" მხოლოდ ერთადერთმა წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრმა სანდრო სორდიამ დაგმო. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ "ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ადგილი საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოში არ არის!"

რადიო "ათინათი" დილიდან დაუკავშირდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს მერაბ ქვარაიასა და პირს, ვინც ედიშერ თოლორაიასთან კონტაქტში დაგვეხმარებოდა. ქვარაიას პრესსამსახურის წარმომადგენელმა დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი მოგვიანებით, თუმცა ივანიშვილის განცხადების გამოქვეყნებამდე მოგვაწოდა. ედიშერ თოლორაიას შეფასება კი მას შემდეგ გააჟღერა, რაც ივანიშვილის მოსაზრება ცნობილი გახდა.

"ჩვენი თანამოქალაქეების აღშფოთებას სრულიად ვიზიარებ, იმ ფაქტთან დაკავშირებით რაც მოხდა პარლამენტის სასესიო დარბაზში. დაუშვებელია,ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში იმ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი რაიმე სახის ფორუმის ხელმძღვანელობდეს, რომლის სახელმწიფოს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს", - ნათქვამია ედიშერ თოლორაიას განცხადებაში.

ჩვენ კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ საკრებულოს თავმჯდომარესა და ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიასაც. მათაც საკუთარი პოზიცია მოგვიანებით და თითქმის იდენტური ფრაზებით დააფიქსირეს.

"რუსეთის დუმის დეპუტატი, მით უფრო, კომუნისტური პარტიის წევრი, არ უნდა მოხვდეს საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში და მით უფრო, თავმჯდომარის სავარძელში. ამ კადრების ნახვა ჩემთვის ძალიან ემოციური და მძიმე იყო", - ასე შეაფასა მამუკა წოწერიამ მომხდარი.

მსგავსი იყო ქალაქის მერის და მხარის გუბერნატორის პოზიციები.

"საქართველოს პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების გულწრფელი და ვიტყოდი სამართლიანი აღშფოთება და გულისტკივილი გამოიწვია", - ამბობს შენგელია.

თითოეული მათგანის თქმით, იზიარებს საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას და დასძენს, რომ მძიმე სანახავია ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე.

მსგავსი შეფასებები გააკეთეს ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც.

"უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა. სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს - დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე" - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

"სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს", - სწორედ ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას მოჰყვა შემდგომში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კომენტარები.

ყველაზე ადრე დუმის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო.

"მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ???? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენსა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს - გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას, საკუთარ დედ-მამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას !!!! აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხი, ესე იგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია ! და თუ ეს ასეა ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

დღეს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დაიწყო და პირველი შესვენების შემდეგ მისი გაგრძელება ვერ მოხერხდა. როგორც ოპოზიციის ნაწილის, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების აღშფოთებისა და პროტესტის შემდეგ სესია შეწყდა. დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. მან პარლამენტის შენობიდან სასტუმრო "რედისონში" გადაინაცვლა. სასტუმროდან ის საპროტესტო აქციის ფონზე და სამართალდამცავების თანხლებით გაიყვანეს.




Print