სტატია
ზუგდიდში ადაპტირებული ავტობუსით შშმ პირმა ვერ ისარგებლა
ეტლით მოსარგებლე სოფია ჩახაიამ, რომელიც ზუგდიდის სოფელ კახათიდან სამსახურში, სოციალურ საწარმო „ჰანგში“ უნდა წამოსულიყო, შშმ პირთათვის ადაპტირებული ავტობუსით ვერ ისარგებლა. საწარმოს ხელმძღვანელის რუსლან საჯაიას თქმით, ავტობუსის მომლოდინე სოფიას მძღოლმა უთხრა, რომ ბაქანი გაჭედილი იყო და მას ვერ მოემსახურებოდნენ. საჯაიას თქმით, მძღოლი ვალდებული იყო გადმოსულიყო და მგზავრისთვის აეხსნა, თუ რა ვითარება იყო და მისთვის დახმარება შეეთავაზებინა.

„ადგილიდან არც განძრეულა, ისე უთქვამს ბაქანი გაჭედილიო. შეიძლება მართლა გაჭედილი ყოფილიყო, მაგრამ მძღოლს დახმარება მაინც უნდა შეეთავაზებინა. მისი მიდგომა არის დისკრიმინაციული. მგზავრები მზად ყოფილან სოფია აეყვანათ ავტობუსში, თუმცა ისე მოხდა, რომ ის დარჩა გზაში. ეს საქციელი ადამიანური თვალსაზრისით არასწორია. “, - ამბობს საჯაია.

ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხს იკვლევენ. მათივე ინფორმაციით, მძღოლები, მიუხედავად ტექნიკური ხარვეზისა ვალდებულები არიან მგზავრს დაეხმარონ.

რაც შეეხება მძღოლს ბაჩო თირქიას, იგი უარყოფს ფაქტს, რომ მგზავრს არ შესთავაზა დახმარება. მისი თქმით, შშმ პირთათვის ავტობუსში ამოსასვლელი გაჭედილი იყო, თუმცა ის მზადა იყო დახმარებოდა მგზავრს.

„პირველი შემთხვევა იყო. მე გავაჩერე ავტობუსი, კარებთან მივედი და იქიდან ვუთხარი გაჭედილიათქო, თვითონაც მარტო არ იყო ბიჭი მოჰყვებოდა, ავტობუსში იყვნენ მგზავრები და მეც მზად ვიყავი დავხმარებოდი. უკანა კარებიც სპეციალურად გავაღე შედარებით მოხერხებულია ეტლით მოსარგებლეთათვის, მაგრამ რატომ არ მოინდომეს ამოსვლა არ ვიცი. ჯერ მგზავრთან ასეთი შემთხვევა არ მქონია. პირიქით, ჩემი მომსახურებით ყოველთვის კმაყოფილები იყვნენ“, - ამბობს თირქია.

მერიაში აცხადებენ, რომ ისინი კიდევ ერთხელ გააფრთხილებენ მძღოლებს, რომ ყველა მგზავრის ინტერესი მაქსიმალურად დაიცვან.



Print